აბუ-დაბიში დასრულდა Mubadala World Tennis Championship-ის ყოველწლიური ტურნირი. ფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანმა ანდრეი რუბლიოვმა 6:4 7:6 სძლია ენდი მარეის და სოლიდურ საპრიზო თანხასთან ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. მე-5 გეიმში რუსი ჩოგბურთელი გააქტიურდა და მეორე მცდელობით შეძლო ბრეიკპოინტის რეალიზება. ანდრეიმ იოლად მოახერხა ბრეიკიანი უპირატესობის შენარჩუნება და პირველი სეტი 41 წუთში 6:4 მოიგო.
მეორე პარტიის სტარტზე თითქოს ბრიტანელი ჩოგბურთელი გატყდა, როდესაც პირველივე გეიმში დათმო საკუთარი ჩაწოდება და ისევ წინ გაუშვა ანგარიშში მეტოქე 0:1.
4:2-ზე რუბლიოვი მოდუნდა და ამისთვის დაისაჯა – ენდიმ ჯერ საკუთარი გეიმი მოიგო, შემდეგ კი მეტოქის და წონასწორობა აღადგინა 4:4.
მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც რუსი ჩოგბურთელი უკეთესად გამოიყურებოდა – ანდრეიმ საწყისი 4 ქულა მოიგო, 4:0 დაწინაურდა და შემდეგ მარტივად მივიდა საბოლოო გამარჯვებამდე 6:4 7:6.