სერხიო აგუერომ გულის პრობლემების გამო ბუცები ახლახან დაკიდა კედელზე და ახლა ხანგრძლივი, დამღლელი კარიერის შემდეგ, პირველად მოიწყო სასიამოვნო არდადეგები მომხიბლავ მეგობარ გოგონა სოფია კალტეცისთან ერთად.
მათ ჯერ დუბაიში დაისვენეს. მერე ახალი წელი კუნმა საკუთარ სახლში, ბუენოს აირესთან ახლოს, ოჯახთან ერთად გაატარა. ახლა კი ურუგვაის ცნობილ კურორტზე ისვენებენ.
33 წლის აგუერომ, ვისაც ადრე ცოლად დიეგო მარადონას შვილი ჰყავდა, მეგობრებთან ერთად მდიდრული ვილა იქირავა პუნტა-დელ-ესტეს მახლობლად, სადაც თავის დროზე შობა-ახალი წელი ნაომი კემპბელსა და მონაკოს პრინც ალბერს გაუტარებიათ. აუზებისა და საჩოგბურთო კლუბის გარდა, წყვილი ცხენებზე ჯირითითაც ირთობს თავს. წინ კი ატლანტის ოკეანის ჩინებული ხედი იშლება.