აგუერომ კარიერა დაასრულა – ცრემლები და გამოსამშვიდობებელი სიტყვა (ვიდეო)

სერხიო აგუერომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ოფიციალურად განაცხადა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ. არგენტინელმა პრესკონფერენციაზე საკმაოდ ემოციურად ისაუბრა და ცრემლები ვერ შეიკავა.

“გადავწყვიტე საფეხბურთო კარიერა დავასრულო. რთული პერიოდი მიდგას. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ყველამ იცით, 1 თვის წინ გულთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა და ექიმებმა მითხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა კარიერა დამესრულებინა.

საბოლოო გადაწყვეტილება 10 დღის წინ მივიღე. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ როგორმე თამაში გამეგრძელებინა, თუმცა ამაოდ. დადებითი შედეგის იმედი პრაქტიკულად არ მქონია.

ვამაყობ იმით, რასაც კარიერაში მივაღწიე. 5 წლიდან პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაზე ვოცნებობდი. მინდოდა არგენტინის ჩემპიონატში მეთამაშა, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ევროპაში ასეთ დონეზე ვითამაშებდი.

მინდა მადლობა გადავუხადო ინდეპენდიენტეს და მადრიდის ატლეტიკოს. ეს გუნდები მენდნენ და გვერდში დამიდგნენ. ასევე მადლობა მანჩესტერ სიტის, ამ გუნდში კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. და რა თქმა უნდა ბარსელონა. აქ მოსვლა წარმოუდგენელი იყო. არგენტინის ნაკრები, ეს გუნდი ყველაზე მეტად მიყვარს.

არ ვიცი როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება. ის დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემ უკან ჩემი ბევრი მეგობარი და გულშემატკივარია. ისინი მე შთამაგონებენ, მადლობა და ნახვამდის!.”-განაცხადა აგუერომ.

33 წლის ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში 663 მატჩი ჩაატარაა, 378 გოლი გაიტანა და 118 საგოლე გადაცემა გააკეთა. აგუეროს კარიერიდან ყველაზე გამოსარჩევი მომენტი 2012 წლის 13 მაისია, როცა მანჩესტერ სიტის რიგებში პრემიერლიგის ბოლო ტურში ქპრ-ს 94-ე წუთზე გუტანა და ამით ქალაქელებმა ჩემპიონობა მოიპოვეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *