აგუერო ფეხბურთიდან მიდის

სერხიო აგუერო საფეხბურთო კარიერას ასრულებს. არგენტინელი მომავალ კვირას ამას ოფიციალურად განაცხადებს. ინფორმაცია ჟერარ რომერომ ტვიტერზე გაავრცელა.

აგუეროს გულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვეღარ ითამაშებს. ერთერთ ბოლო შეხვედრაში ამ პრობლემის გამო იგი შესაცვლელი შეიქმნა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სერხიოსთვის უმჯობესი იქნება, თუ ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს.

აგუერომ კარიერა არგენტინულ ინდეპენდიენტეში დაიწყო, შემდეგ იყო მადრიდის ატლეტიკო, საიდანაც გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა გაიცნო. სერხიოს კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ სიტიში ედგა, სადაც 260 გოლით გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სწორედ არგენტინელის 2012 წელს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა სიტის ნანატრი ჩემპიონობა. კუნმა გუნდი წელს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბარსელონას შეუერთდა.

რაც შეეხება აგუეროს სანაკრებო კარიერას, 33 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში 102 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. აგუეროს თანამემამულეებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ალბისელესტე 2014 წლის მუნდიალის ფინალში გერმანიასთან 0:1 დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *