აგუტის რევანში ბასილაშვილთან

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი, ფინალურ მატჩში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 6-3 6-4 დაამარცხა ნიკა ბასილაშვილი და კარიერაში მეათე ტიტული მოიგო.

ესპანელმა ჩოგბურთელმა 1 წლის წინ დოჰას ფინალი ნიკასთან წააგო, ახლა კი სრულფასოვანი რევანში აიღო საქართველოს პირველ ჩოგანთან.

შეხვედრის სტარტი ნიკას უკეთესი გამოუვიდა, რომელმაც მესამე გეიმში მშრალი ანგარიშით მოიგო ესპანელის ჩაწოდება და ბრეიკით დაწინაურდა. მალე ქართველის უპირატესობა 3:1-მდე გაიზარდა, თუმცა ბაუტისტა აგუტმა სწორედ აქ „გამოიღვიძა“ – უკანა ხაზიდან „დაალაგა“ საკუთარი თამაში და ზედიზედ 5 გეიმის მოგებით სეტიც სათავისოდ დაიტოვა 6:3.

null

მეორე პარტიაშიც დაახლოვებით ანალოგიური სცენარი გათამაშდა – ბასილაშვილმა პირველმა შეძლო ბრეიკის შესრულება და 3:0 დაწინაურდა, თუმცა რობერტომ „ქამბექი“ მალევე შეასრულა 4-4.

მე-9 გეიმში ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველივე მცდელობით შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, ხოლო შემდეგ უპრობლემოდ ჩააწოდა მატჩის მოსაგებად 6:3 6:4.

შეხვედრა 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 8 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი იყო. თავისმხრივ აგუტმა 9 ბრეიკპოინტიდან 4-ის რეალიზება შეძლო და სწორედ ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი მატჩში.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 4-2 გახდა ესპანელის სასარგებლოდ. 2022 წელს ესპანელს 14 გამართული მატჩიდან 11 მოგება და 3 მარცხი აქვს.

„მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშე ეს ტურნირი. ძალიან მომწონს დოჰა და დიდი სიამოვნებით დავბრუნდები აქ მომდევნო წელსაც.ვულოცავ რობერტოს ტურნირის ბრწყინვალედ ჩატარებას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო თქვენს თვალწინ თამაში“ – განაცხადა ნიკამ მატჩის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე.

„საკმაოდ რთული ფინალი გამოვიდა. წინა წლებისგან განსახვავებით ამჯერად ტურნირის მსვლელობისას ქარი არ ყოფილა, რაც პირადად ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი იყო.
მარტივი ნამდვილად არ იყო, მძიმე ნახევარფინალის შემდეგ სრული აღდგენა მოეხდინა ჩემს ორგანიზმს, თუმცა მოხარული ვარ, რომ ეს შევძელი. კარიერაში მეათე ტიტული მოვიგე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ“ – განაცხადა რობერტო ფინალის შემდეგ.

Leave a comment

Your email address will not be published.