11 ნოემბერს საქართველო-შვედეთია… საქართველო მეოთხე ადგილზეა და ბურთების შეფარდებით უსწრებს კოსოვოს, ხოლო შვედეთი ლიდერია და ბათუმში თუ მოიგებს, ბოლო ტურში ესპანეთთან (14-ში) ფრეც ეყოფა. ხოლო თუ სკანდინავიელები აქ ვერ იმარჯვებენ, მაგრად გაურთულდებათ საქმე.
ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოს ნაკრები სწორედ ასეთ დროს არის უფრო ძლიერი: როცა ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი აქვს და პირიქით, მეტოქეს უფრო სჭირდება ქულები.
ბულგარეთთან 2:1… (1995). ჩვენი ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი. ქინქლაძემ, ჯამარაულმა, შოთამ და სხვებმაც ბულგარეთის ვარსკვლავებზე ნაკლებად კი არ ითამაშეს, აჯობეს. არადა, ხრისტო სტოიჩკოვი იმ დროს გენიალური იყო, ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი… თბილისში წაგებით ბულგარეთმა ლიდერობა გერმანიას გადააბარა. ეგაა, ორი გუნდი გადიოდა და მშვიდად გავიდნენ კიდეც.
იტალიასთან 0:0… (1997). კახა კალაძე მაგრად დაუდგა კრისტიან ვიერის, მეკარე ნიკა ტოგონიძემ იფრინა, პირველ წუთებზე ძელიც დაეხმარა საქართველოს და საბოლოოდ, ინგლისმა გაიხარა. პირდაპირ მხოლოდ ერთი გუნდი გადიოდა. თბილისის მატჩამდე იტალიას ინგლისზე კარგი მდგომარეობა ჰქონდა და თბილისში რომ მოეგო, ბოლო ტურში შინ ინგლისთან ფრეც ეყოფოდა. აქ წაფორხილების გამო კი აუცილებელი გამარჯვება დასჭირდა და ვერ მოახერხა ინგლისთან – იქაც 0:0. იტალიას რუსეთთან გადათამაშება და ყინვა-ტალახში ბრძოლა დასჭირდა, რათა მსოფლიოზე გასულიყო.
უკრაინასთან 1:1… (2005)თბილისში გოგა გახოკიძემ ბოლო წუთებზე საჯარიმო ჩაახვია და უკრაინის ზეიმი გადადო. ისედაც ცხადი იყო, რომ ოლეგ ბლოხინის გუნდი გავიდოდა, მაგრამ თბილისში რომ მოეგოთ, ოფიციალურად ინაღდებდნენ მუნდიალის საგზურს. ასე კი, მოგვიანებით თურქების ვერმოგების გამო იზეიმეს.
შოტლანდიასთან 2:0… (2007) კლაუს ტოპმიოლერმა სამი არასრულწლოვანი დააყენა ძირითადში: გიორგი მაკარიძე, ლევან მჭედლიძე და ლევან ყენია. მაგრად ითამაშა ნაკრებმა, არადა შოტლანდია იმ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერი იყო: საფრანგეთსა და იტალიას უსწრებდა. მეტიც, ფრანგებს ორივე თამაში მოუგო. თბილისში მარცხის გამო, სქოთებს შინ უკვე აუცილებელი მოგება სჭირდებიდათ იტალიასთან, რაც ვერ მოახერხეს.
საფრანგეთთან 0:0… (2013) ეს მთლად კლასიკური მაგალითი არაა. ისედაც ცხადი იყო, რომ საფრანგეთი მეორეზე გადიოდა და ესპანეთი პირველზე. თუმცა მერე ფრანგებს ბელარუსშიც რომ ვერ მოეგოთ, გასასვლელ ფლეი-ოფში განთესილები ვეღარ იქნებოდნენ. სულ ეს იყო.
შოტლანდიასთან 1:0… (2015) ისევ შოტლანდია გამწარდა თბილისში. ამით კი საქართველო დიდად დაეხმარა ირლანდიას: ერთ-ერთ ყველაზე არასასურველ მეტოქეს. ერთ-ერთმა ირლანდიურმა გაზეთმა ასეთი დიდი სათაური გამოიტანა: Georgia in my heart (შოტლანდიელი მამაცი გულების „გასაგონად“…)
დანიასთან 0:0 და ირლანდიასთანაც 0:0… (2019) ისე მოხდა, რომ საქართველომ ლიდერ შვეიცარიას ორივე მეტოქე ჩამოაშორა.
(ფოტოზე: ლევან მჭედლიძის თავური გოლი… 2007. საქართველო-შოტლანდია)