ლეიტონ ჰიუიტის გაწვრთნილი ავსტრალიის ნაკრები აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას დევისის თასზე.
1/2 ფინალურ სტადიაზე “ოზებმა” 2:1 მოუგეს ხორვატებს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
პირველები კორტზე ბორნა ჩორიჩი და ტანასკი კოკინაკი გამოვიდნენ. ხორვატმა ჩოგბურთელმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა და ეს სრულიად საკმარისი გამოდგა მატჩის მოსაგებად 6:3 6:4.
პირველი წაგებული მატჩის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ავსტრალია – ფინალში გასასვლელად ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოეგო.
“ქამბექი” ალექს დე მინორმა დაიწყო, რომელმაც კორტზე “იფრინა” და 96 წუთში 6:2 6:2 გაანადგურა მარინ ჩილიჩი.
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ოთხჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი ჩაწოდება კი არცერთხელ არ წაუგია.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად გადამწყვეტი წყვილთა მატჩი გამოდგა. მეტიუ ებდენის და მარკ პარსელის ტანდემმა ურთულეს, 3 სეტიან ბრძოლაში 6:7 7:5 6:4 სძლია ნიკოლა მეკტიჩ/მატე პავიჩის ვარსკვლავურ წყვილს და ავსტრალიას ფინალის საგზური მოუპოვა.
დევისის თასის მეორე ნახევარფინალში იტალია კანადას დაუპირისპირდება.