ტოკიოს ოლიმპიადაზე სტარტი აიღო ქალთა რაგბი 7-ის ტურნირმა. ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრებში ჩემპიონობის ფავორიტებმა იოლი გამარჯვებები მოიპოვეს.
ახალ ზელანდიელებმა 29:7 სძლიეს კენიის ნაკრებს. „ოლ ბლექსის“ რიგებში დადებული ლელოებით დუბლი შეასრულა მიქაელა ბლაიდმა (2017 და 2018 წლების მსოფლიო საუკეთესო მოთამაშე რაგბი 7-ში).
მომქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ავსტრალიის ნაკრებმა 8 ლელო დაუდო ტურნირის მასპინძელ იაპონიის ნაკრებს და მეტოქე 48:0 გადათელა. გამარჯვებულთა შორის საუკეთსო ემა ტონეგატო გახლდათ, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.
მშრალი ანგარიშით მოიგო საკუთარი შეხვედრა ტურნირის ერთ ერთმა ფავორიტმა კანადამ, გაუტანა რა ბრაზილიას 33 უპასუხო ქულა.
ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს საკმაოდ დიდი წინააღდეგობა გაუწიეს ჩინელებმა და მხოლოდ 14:28 წააგეს.
უაღრესად დაძაბული გამოდგა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების დაპირისპირება დიდი ბრიტანეთის ნაკრებთან. რუსები უკანასკნელ წუთამდე იგებდნენ შეხვედრას 12:7-ს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ბრაუნმა დადებული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა 12:12, ხოლო აიტჩინსონის ზუსტად შესრულებული გარდასახვით ბრიტანეთმა შეხვედრა მოიგო 14:12.