საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალა ნაკრები, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ალაფისთვის ემზადება, ხორვატიაში გამგზავრებამდე ხუთდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის.
კოვიდ-ტესტების გავლის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ შეკრებაზე 17 მოთამაშე შეიყვანა, საიდანაც 12 უნდა შეირჩეს. “სამწუხაროდ, ორი წელიწადია ჩვენს ნაკრებს თამაში არ ჩაუტარებია და არც შიდა ტურნირი, ან ფესტივალი გამართულა. ამან სხვა გოგონებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა და ბირთვიც ჩვენთვის ნაცნობი მორაგბებიდან შეირჩა. სამომავლოდ, როდესაც სიტუაცია სტაბილური გახდება და ტურნირები აღდგება, ახალი მოთამაშეებიც დაგვემატებიან. ამჟამად ჩვენთან 5 ისეთი გოგონაა, რომელებსაც ევროპის ჩემპიონატზე არ უთამაშიათ. თუმცა, ისინი შეკრებებზე სხვა დროსაც გვყავდა გამოძახებული“ – თქვა ჯაბა მალაღურაძე.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩეხეთის, ფინეთის, უნგრეთისა და დანიის ნაკრებების იქნებიან. მეორე ჯგუფში უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი და მოლდოვა ითამაშებენ.
ალაფის მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები
სალომე მაკასარაშვილი (თბილისი), მანონი საღარაძე (ხობი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი), თინათინ სიხარულიძე (თბილისი), ლაურა პერტაია (დარჩელი), სალომე საღარაძე (ხობი), თეონა ჩიტაიშვილი (ქუთაისი), მარიამი სიხარულიძე (თბილისი), თამარ მანაგაძე (ქუთაისი), ირმა გულიაშვილი (თბილისი), სალომე ოთარაშვილი (თბილისი), მარიამ გოგუაძე (თბილისი), ანა დათიაშვილი (ლოკომოტივი თბ.), ანა კაპანაძე (ოზურგეთი), ანა ხაბულიანი (ლოკომოტივი თბ.), ლიკა ხუფენია (ზუგდიდი), მარიამ ბერანძე (ზუგდიდი)