ალბანური სინდრომი

ალბანეთის ნაკრები ისევ სკანდალში გაეხვა. ჯერ კიდევ არ წაშლილა გონებიდან ორი წლის წინანდელი პარიზული დავიდარაბა, რომ ახალი აგორდა.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის სათამაშოდ სამშაბთს პოლონეთის ეროვნული გუნდი ტირანაში ალბანეთისას ეწვია. ეს შეხვედრა ჩვეულებრივი ფეხბურთის მოყვარულისთვის არაფრისმთქმელი იქნებოდა, რომ არა მასპინძელი გულშემატკივრების ქცევა.

No description available.

ისინი თამაშის დაწყებამდეც აგრესიულად იქცეოდნენ. პოლონეთის ჰიმნის შესრულების დროს სტვენა დაიწყეს (კოსოვოელების ქართველებთან მატჩისა არ იყოს), თუმცა ეს ჯერ ყვავილები იყო.

პოლონელებმა ანგარიში 77-ე წუთზე გახსნეს (გოლი შეცვლაზე შესულმა კაროლ სვიდერსკიმ გაიტანა) და დაიწყო: სტუმარი ფეხბურთელები ერთ-ერთი ტრიბუნისკენ გაიქცნენ წარმატების აღსანიშნავად, მაგრამ აშკარად მისამართი შეეშალათ. ალბანელი ფანების სექტორთან მოხვდნენ.

გაგიჟებულმა ქომაგებმა მინდორზე პლასტმასის ჭიქების, ბოთლების და სხვა ნაგვის სროლა დაიწყეს. მატჩების დროს მსგავსი რამ ხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითმხილველები მასშტაბმა გააკვირვა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმრებს ყოველი მეორე ალბანელი ესროდა ნაგავს.

ცხადია, ასეთი სიტუაციის იგნორირება არაფრით შეიძლებოდა და ფრანგმა არბიტრმა, კლემან ტიურპენმა, შეხვედრა შეაჩერა. ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ.

ადგილობრივმა „ფანებმა“ პოლონელების შეურაცხყმოფელი სიტყვების ღრიალი გააგრძელეს. ადგილობრივმა დიქტორმა გამოაცხადა, რომ თუ ბოთლების სროლას არ შეწყვეტდნენ, მატჩი აღარ გაგრძელდებოდა. ამ შემთხვევაში ალბანეთის ნაკრებს ტექნიკური მარცხი ჩაეთვლებოდა.

დაახლოებით 15 წუთიანი პაუზის შემდეგ მატჩი განახლდა და ის პოლონელებმა 1:0 მოიგეს.

ახლა ფეხბურთი მეორე პლანზე გადაიწევს და დაიწყება გარჩევები. უეფა ალბანელებს დასჯის და სავარაუდოდ მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება.

ალბანელი „ქომაგების“ ასეთი ქმედება კიდევ იმით არის უცნაური, რომ არწივებს კიდევ აქვთ მუნდიალზე მოხვედრის შანსი. ამ არეულობის გამო წააგეს და ჯგუფში მეორე პოზიციაზე პოლონეთი დადგა. ადგილზე, რომელიც ფლეი ოფის მატჩებში მონაწილეობის უფლებას იძლევა.

ახლა ალბანელები სტუმრად ინგლისს უნდა შეერკინონ და პოლონელების უნგრელებთან წაფორხილების იმედზე იყვნენ. ანდორას ალბათ ერთიც მოუგებს და მეორეც.

თავში პარიზული სკანდალი ვახსენეთ. შეგახსენებთ, რომ მაშინ, ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის წინ, სტად დე ფრანსზე, ალბანეთის ჰიმნის მაგიერ ანდორასი ჩართეს. თავიდან სტუმრები ვერ მიხვდნენ, ეგონათ საფრანგეთის ჰიმნი სრულდებოდა, მაგრამ როცა მარსელიეზამ დაიქუხა, ყველაფერი გაცხადდა. ალბანეთის  ნაკრების ფეხბურთელებმა ორგანიზატორებს ულტიმატუმი წაუყენეს: ან მათი ჰიმნი შესრულდებოდა, ან თამაში ჩაიშლებოდა. ამასობაში არბიტრი ხილ მანანო და მასპინძელთა თავკაცი, დიდიე დეშამი სტუმარ ფეხბურთელებს აწყნარებდნენ.

No description available.

როცა ბოლოსდაბოლოს ჩანაწერი იპოვეს, სტადიონის დიქტორმა სომხებს მოუხადა ბოდიში ალბანელების ნაცვლად… ფრანგებს ისევ საბოდიშოდ გაუხდათ საქმე.

ტრიბუნებზე მყოფი ალბანელი ქომაგები ლამის გაგიჟდნენ და მასპინძლების შეურაცხყოფა დაიწყეს. პოლიციის ჩარევის შემდეგ, ვითარება დაწყნარდა და მატჩი მაინც გაიმართა. ფრანგებმა 4:1 მოიგეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *