საქართველოს ნაკრებში და ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო დროს საინტერესო სიახლეებია ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლის სახით, ახალი შესარჩევი ციკლი, დებიუტანტები, მოახლოვებული ევროტურნირები. მოგეხსენებათ 2023 წელს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი რუმინეთთან ერთად სწორედ საქართველოში გაიმართება.
ამ და სხვა სიახლეებზე Leadersport.ge ერთერთ გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელს და ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე იაშვილს ესაუბრა.
- ვილი სანიოლის ხელში ნაკრებმა 5 მატჩი ჩაატარა. რა სხვაობას ხედავთ ვაისის ფორმაციის ნაკრებთან და სანიოლის გუნდს შორის?
- ვფიქრობ, რომ ვაისის პერიოდშიც დიდი წინსვლა იყო. დამეთანხმებით ალბათ, რომ სლოვაკის ხელში სულ სხვა გუნდი ჩამოყალიბდა. ერთა ლიგის ჯგუფის მოგება და შემდეგ ფინალში გასვლა იოლი არასდროსაა ვინც არ უნდა იყოს მეტოქე. მოედანზე ყოველთვის თამაშობდა გუნდი, რომელიც წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა. ვფიქრობ არ შეიძლება, რომ მისი მუშაობა არ დავაფასოთ. ვილი სანიოლი განსხვავებული სტილის მწვრთნელია. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ის, რომ არჩეული მწვრთნელი აკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმებს. მისი საფეხბურთო შეხედულება და ფილოსოფია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია. აღსანიშნავია სანიოლის მშვიდი დამოკიდებულება, რომელიც პოზიტივიად უნდა იქნას აღქმული. ის, რომ ვილი წარსულში დიდი ფეხბურთელი იყო, ეს დამატებითი ბონუსივით არის. სასიამოვნოა რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ფრანგი ყოველთვის ეუბნება ფეხბურთელებს, რომ მუდამ მოსაგებად უნდა იბრძოლონ, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მეტოქე. ეს ყველაფერი თამაშის დროსაც ადვილად შეიმჩნევა.
- მისი დიდი ფეხბურთელობა ეხმარება სანიოლს მოთამაშეებთან ურთიერთობაში?
- დასაწყისში რა თქმა უნდა, ეს მას ბიჭებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ძალიან ადგება. მეც ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რომ როცა მწვრთნელი, რომელსაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები, რამეს გიხსნის, ზუსტად გესმის რომ ეს ყველაფერი გავლილი აქვს და ხვდები რას გეუბნება. ამის შემდეგ რა თქმა უნდა კვალიფიკაცია უფრო მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია თუ როგორ შეუძლია პროცესების მართვა. ამიტომაც ავღნიშნე, რომ დიდი ფეხბურთელობა ბონუსია.
- პირველ სამ თამაშში ნაჩვენები ხარისხით საფეხბურთო საზოგადოების დიდი ნაწილი კმაყოფილი იყო, თუმცა მხოლოდ ქულას დავჯერდით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რა უნდა იყოს ამ ჯგუფში ჩვენი მიზანი? ბევრის აზრით სანიოლმა ერთა ლიგის ახალი გათამაშებისთვის უნდა მოამზადოს ნაკრები.
- მიზანი ამ ჯგუფში ერთა ლიგისთვის მზადება ნამდვილად არ არის. მწვრთნელს მიზნად მინიმუმ მესამე ადგილზე გასვლა დავუსახეთ. დამეთანხმებით, რომ გუნდი ყველა თამაშში მოსაგებად იბრძვის და შემდეგშიც ასე იქნება. რა თქმა უდნა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. 3 თამაშში აღებული 1 ქულით ფეხბურთელებიც, სამწვრთნელო შტაბიც და ხელმძღვანელებიც უკმაყოფილოები ვართ, ამაზე 2 აზრი არ არსებობს.
- თვლით, რომ თამაშიდან გამომდინარე მეტ ქულას ვიმსახურებდით?
- ვფიქრობ შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან მატჩებში თამაშიდან გამომდინარე მეტ ქულას ვიმსახურებდით. ეხლა მთავარია მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ. 2 სექტემბერს ბათუმში კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ წარმატებას უნდა მივაღწიოთ.
- უახლოესი სანაკრებო შეხვედრები ბათუმში ჩატარდება. რის საფუძველზე მიიღე ის გადაწყვეტილება, რომ ნაკრებმა ბათუმში ითამაშოს?
- ეს საქართველოს ნაკრებია და არა თბილისის, ყოველთვის გვსურდა, რომ დედაქალაქს გარეთ გვეთამაშა, თუმცა ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევდა. გახსოვთ, რომ ამხანაგური თამაშები გორში და ქუთაისში ჩატარდა, თუმცა ოფიციალური მარტო თბილისში იყო. დღეს ბათუმი არენა მზად არის, რომ ოფიციალურ თამაშს უმასპინძლოს. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა ყველგან ითამაშოს, სადაც ამის საშუალებაა. ბათუმში არაჩვეულებრივი სტადიონია, მსგავსი მინდვრის საფარი ძალიან ცოტა თუ მინახავს, ატმოსფერო წარმოუდგენელია და ნაკრებს ეს ძალიან დაეხმარება.
- ყველასთვის ცნობილია, რომ ბათუმელი გულშემატკივრები გამორჩეულები არიან. ამან იქონია თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა?
- ნაკრებმა სადაც არ უნდა ითამაშოს, გულშემატკივრების მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ესპანეთთან თამაშში კარგად ვნახეთ, რომ 30%-მა რამხელა გავლენა იქონია. ამან ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია მისცა.
- ვილი სანიოლმა ამ 5 თამაშში 5 დებიუტანტი ათამაშა. როგორ შეაფასებთ მათ გამოსვლას?
- მთავარი მაინც მწვრთნელის შეფასებაა, მან უნდა თქვას ვინ როგორ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უმეტესობა მათგანი საქართველოში თამაშობს და მთლიანობაში ეს ეროვნული ლიგის ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯი და სტიმულია. თუ ისინი დაიმსახურებენ, აუცილებლად ითამაშებენ ნაკრებში. ასევე მნიშვნელოვანია კონკურენცია, რაც მეტი ფეხბურთელი გყავს ერთ პოზიციაზე, მით უკეთესია.
- 2023 წელს საქართველოში 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. როგორ მოემზადება გუნდი ტურნირისთვის?
- მთავარი შეკრებები და ძლიერ მეტოქეებთან ამხანაგური შეხვედრებია. გვინდა სანაკრებო პაუზები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ბევრი ამხანაგური შეხვედრა ჩავატაროთ. მოგეხსენებათ მარტში ბელარუსს შევხვდით, სექტემბერში ისრაელთან გვსურდა ამხანაგური შეხვედრები, თუმცა ცნობილი მიზეზების გამო გადაიდო. სექტემბერში რუმინეთთან ვითამაშებთ, ნოემბერში კი ბათუმში ინგლისის ახალგაზრდულ გუნდს დავუპირისპირდებით. ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სიდიდით მეორე ფორუმია. როცა ამხელა ტურნირს მასპინძლობ, წარმოუდგენელი ამბავია ფეხბურთელებისთვისაც, სტაფისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც… ევროპის გამორჩეული გუნდები ჩამოვლენ და დიდი საფეხბურთო ზეიმი გველოდება.
- მაკედონიასთან მარცხი უკვე წარსულია და ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა ერთს გკითხავთ. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ ალბათ ჩვენც დავაკელით რაღაც და ამიტომ ვერ გავედით ევროპირველობაზეო. თქვენი აზრით რა იყო ეს „რაღაც“?
- ძალიან რთულია კონკრეტულად 1 მიზეზის დასახელება. როცა მიზანს ვერ მიაღწევ, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ანალიზი და თვითკრიტიკა. წარმოუდგენელია რამის მიღწევა თუ თვითკრიტიკული არ ხარ და თუ სწორი ანალიზის უნარი არ გაქვს.
- უკვე ვიცით ვინ არიან ქართული გუნდების მეტოქეები ევროტურნირებზე. ამ მხრივ ბოლო წლებში საქმე მთლად კარგად არ გვქონია. წელს არის ოპტიმიზმის საფუძველი?
- მე ყოველთვის ოპტიმისტი ვარ, მჯერა რომ ჩვენი გუნდები წარმატებებს მიაღწევენ, მინდა რაც შეიძლება შორს გავიდნენ და მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშონ. დარწმუნებული ვარ წინა წლებთან შედარებით, ბევრად უფრო წარმატებული წელი იქნება.
- დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხართ, არაჩვეულებრივი კარიერა გქონდათ საქართველოში და გერმანიაში, 2-ჯერ წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაგასახელეს, ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა ნაკრებში. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამ ყველაფერს და რას ურჩევდით იმ ბიჭებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ფეხბურთში?
- ნიჭი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მარტო ამით ვერაფერს მიაღწევ. ასევე აუცილებელია შრომისმოყვარეობა, ფეხბურთელს მიზნები უნდა გაგაჩნდეს და ამ მიზნებისთვის უნდა იბრძოლო. ძალიან ბევრ რამეზე უწევს ადამიანს უარის თქმა წარმატების მისაღწევად. რჩევის მიცემა რთულია. პირადად მე წარუმატებლობის შემთხვევაში მიზეზებს მუდამ ჩემში ვეძებდი, ამას ვურჩევდი სხვებსაც.
- დღეს თითქმის მთელი საქართველო იმაზე ფიქრობს თუ სად გადავა ხვიჩა კვარაცხელია. თქვენ როგორც გამოცდილი ფეხბურთელი რას ურჩევთ მას?
- თავიდან ბოლომდე ხვიჩას გადასაწყვეტია, რა გუნდში წავა. ვფიქრობ ტოპ 5 ჩემპიონატისთვის უკვე მზად არის. რაც მთავარია ის საოცრად შრომისმოყვარე ადამიანია. ყველა ვარჯიშზე და თამაშზე მაქსიმუმს აკეთებს გუნდის წარმატებისთვის. ყველა ფეხბურთელმა თავად უნდა მონახოს ის გზა, რომლითაც წარმატებამდე მივა. რაც მთავარია ხვიჩა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
- ჩაკვეტაძეზეც მინდა გკითხოთ, რა მდგომარეობაა გიორგისთან დაკავშირებით?
- მალე ბოლომდე გამოჯანმრთელდება. მთავარია გუნდთან ერთად ზაფხულში მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიაროს. ყველამ ვიცით, რომ გიორგი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მან რთული პერიოდი გამოიარა, თუმც ამისგან არავინ არ არის დაზღვეული. მას შესწევს იმის ძალა, რომ რთული პერიოდი გადალახოს და ამისგან გამოცდილება მიიღოს.
- ამდენი ტრავმები მითუმეტეს მაშინ როცა ნაკრებს ესეთი მატჩები ჰქონდა, ფსიქოლოგიურადაც ძალიან ძნელი იქნებოდა…
- რა თქმა უნდა, როცა 2 წელია წვალობ და ვერ გამოდიხარ სიტუაციიდან, ძალიან რთულია. ესეც გამოცდილებაა. იგი მენტალურადაც ძლიერია და მალე გადალახავს ამ სირთულეს. მჯერა ჩაკვეტაძე უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო.
- თქვენს კარიერაშიც იყო მძიმე ტრავმები. რა გეხმარებოდათ ამ დროს?
- ყოველთვის ვიცოდი რა მინდოდა და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოდი. ეს ფეხბურთის ნაწილია. ყველამ უნდა მონახოს თავის თავში ძალა, რომ რთული პერიოდი განვლოს.
- და ბოლოს, ვის ქომაგობთ ევროპის ჩემპიონატზე და ვინ გგონიათ ტურნირის მთავარი ფავორიტი?
- სიმართლე გითხრათ გამორჩეულად არავის ვგულშემატკივრობ. რაც შეეხება მთავარ ფავორიტს, ჩემზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება იტალიის ნაკრებმა დატოვა. სკუადრა აძურასგან ესეთ შემტევ ფეხბურთს არც მე და ალბათ არც არავინ ელოდა.