მსოფლიო რეიტინგის მე-4 ჩოგანმა – ალექსანდრ ზვერევმა ვენის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის ფინალში 7:5 6:4 დაამარცხა ფრენსის ტიაფო და მიმდინარე სეზონში მეხუთე ტიტული მოიგო.
პირველი სეტის მეოთხე გეიმში საშამ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 3:1 დაწინაურდა. ამერიკელი დროულად გამოფხიზლდა – უკუბრეიკი შეასრულა და მალე წონასწორობაც აღადგინა 3:3.
თითქოს პარტიის ბედი ტაიბრეიკზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა მე-12 გეიმში გერმანელმა ჩოგბურთელმა მეორედ მოახერხა ბრეიკპოინტის რეალიზება და სეტიც მოიგო 7:5.
მეორე სეტში მცირე სათამაშო უპირატესობას ზვერევი ფლობდა, რომელსაც მეორე და მეექვსე გეიმებში ჯამში 4 ბრეიკპოინტი ქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ შეძლო.
მე-9 გეიმში, უკვე ტიაფო მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა გერმანელი გადარჩა ამ რთულ სიტუაციაში.
საშამ იგრძნო რა სეტის წაგების საფრთხე, გაცილებთ უფრო აგრესიულად ათამაშდა, რამაც შედეგი მყისიერად გამოიღო – მე-10 გეიმში მშრალი ანგარიშით აიღო მეტოქის ჩაწოდება და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა 7:5 6:4.
საინტერესო ფაქტები
მიმდინარე სეზონში ზვერევმა 52-ე მატჩი მოიგო( უკანასკნელი 27 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს წაგებული).
2021 წელს მოგებული ტიტულების რაოდენობით(5) საშა გაუთანაბრდა ლიდერ კასპერ რუუდს.
გერმანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-18 ტიტული მოიგო.
ვენის ტურნირის მოგებით, ალექსანდრ ზვერევმა 500 სარეიტინგო ქულა და 275 074 ევრო მოიპოვა.