ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ანანიძე ბოლოს დინამო თბილისში თამაშობდა და ტრავმების გამო მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ჯანომ ცხადაძის გუნდი დაახლოებით 2 კვირის წინ დატოვა და მას მერე თავისუფალი აგენტი იყო.
ქართველმა შუახაზელმა კარიერა მოსკოვის სპარტაკში დაიწყო. იგი ერთი პერიოდი განათხოვრებით ჯერ როსტოვში იყო, შემდეგ კრილია სოვეტოვში. რუსეთის დატოვების შემდეგ ანანიძემ მცირე ხნით ანორთოსისშიც ითამაშა.
ანანიძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში ჰქონდა. ეროვნული გუნდის მაისურით მის ანგარიშზე 45 მატჩი და 7 გოლია.
რაც შეეხება დინამო ბათუმს, შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა 2021 წელს ეროვნული ლიგა მოიგო. აღსანიშნავია, რომ ბათუმელები ოქროს მედლებს პირველად დაეუფლნენ.