29 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დინამო თბილისიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, ანანიძე გულდაწყვეტილია გუნდიდან წასვლის შეტყობინების ფორმით. ჯანოს წერილს უცვლელად გთავაზობთ.
“მოგესალმებით, საკმაოდ დიდ ხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს წერილი და გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის მეთქვა დინამოდან წამოსვლის მიზეზისა და იმ ფორმის შესახებ, როგორც მოხდა ჩვენი განშორება. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, ჩემი დინამოდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება იყო. ეს არის მცდარი ინფორმაცია და მინდა ჩემმა გულშემატკივრებმა სიმართლე იცოდნენ. ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა პირადი შეხვედრისას. ჩემთვის ისიც გასაკვირი იყო, რომ დამირეკა დინამოს ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა და არა მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არა პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე დიდი ხანია ვიცნობ. გულწრფელად ვიტყვი, გული დამწყდა იმაზე, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი როგორც მწვრთნელს და როგორც პიროვნებას. ვთვლი, რომ არც კლუბისგან და მითუმეტეს არც მთავარი მწვრთნელისგან ესეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი. მის ნათქვამს ჩემთვის გაცილებით დიდი წონა აქვს.
კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდებოდა. ამის მიზეზად ჩემი ტრავმა დაასახელა. არადა საქმე იმაშია, რომ ოპერაციის და პანდემიისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თავი ასე კარგად არ მიგრძვნია როგორც ახლა. სწორედ ამიტომ დინამოს შევთავაზე, რომ შეკრებაზე ჩემი ხარჯით წავიდოდი სადაც საწვრთნელ პროცესში მაქსიმუმს გავაკეთებდი. თუ ამის შემდეგ არ მექნებოდა მუხლის ან სხვა რამე პრობლემა და ოპტიმალურ ფორმას დავუბრუნდებოდი, შემდეგ ვისაუბრებდით ჩვენს შემდგომ თანამშრომლობაზე, თუმცა სატელეფონო საუბარში სულ სხვა პასუხი მივიღე. ასე რომ საქმე ფინანსებს არ ეხება და ნურავინ შეეცდება მიზეზი მატერიალურ მხარეში ეძიოს.
ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებით და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით, ვერც რომელიმე კლუბს და მითუმეტეს ვერც ქართულ ფეხბურთს ვერ დაეხმარებიან. სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელზეც დიდწილად შედეგები მეტყველებს. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგან როცა განვითარებაზე ვსაუბრობთ, განვითარების მთავარი ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური მიდგომა უნდა იყოს, ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება.”-დაწერა ანანიძემ ინსტაგრამის გვერდზე.
ჯანო ანანიძე დინამო თბილისმა წელს გაზაფხულზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. ფეხბურთელმა დინამოს მაისურით ტრავმის გამო მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.