NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “მილუოკიმ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ვაშინგტონს” და 123:113 იმარჯვა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე “ბაქსის” მძიმე ფორვარდი – იანის ანტეტენკუმპო გახდა, რომელმაც კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა – ჩაუგდო რა მეტოქეს 55 ქულა.
იანისმა პარკეტზე 37 წუთი გაატარა, 33-ჯერ შეუტია მეტოქის კალათს და 20 ბურთი ზუსტად ჩააგდო, ბერძენს პერიმეტრიდან ტყორცნები არ წაუვიდა 3 მცდელობიდან ყველა ააცილა, სამაგიეროდ 16-დან 15 საჯარიმო სროლის რეალიზება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ორი დღის წინაც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ის მატჩი ბერძენს არ უთამაშია. ანტეტენკუმპოს გარეშე “ბაქსს” ძალიან გაუჭირდა და 95:118 წააგო. დღეს დაბრუნდა იანისი და დაბრუნდა წარმატებაც.
დღევანდელ შედეგამდე, იანისის პირადი რეკორდი 52 ქულა გახლდათ, რომელიც ბერძენმა 2019 წლის 17 მარტს დაამყარა “ფილადელფიას” წინააღმდეგ.
კარიერაში პირველად, ანტეტენკუმპო ზედიზედ სამი მატჩია 40+ ქულას აგროვებს. “ბაქსის” ფრენჩაიზ ისტორიაში ასეთი შედეგი მხოლოდ 2 კალათბურთელს ქონია ფლინ რობინსონს (1969 წლის თებერვალი) და ქარიმ აბდულ-ჯაბარს (1972 წლის თებერვალი).
NBA-ს ისტორიაში იანისი გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელიც ზედიზედ მესამე მატჩია 40+ ქულას, 10+ მოხსნას და 5+ პასს აგროვებს. ანტეტენკუმპომდე ეს მხოლოდ ელჯინ ბეილორმა (1961, 1963), უილტ ჩემბერლენმა (1963) და რასელ ვესტბრუკმა (2016) შეძლეს