ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომ მოუგო იტალიამ ესპანეთს ნახევარფინალში და რატომ ექნება უპირატესობა ფინალში ინგლისის ნაკრები იქნება ეს თუ დანიისა, მათი გამოცდილება და გონებამახვილობაა.
ისტორიას ზოგჯერ მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, სკუადრა აძურა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ძალიან გამოცდილია: ინგლისს და დანიას მხოლოდ თითოჯერ უთამაშიათ დიდი ტურნირების ფინალში, ამიტომ ორივეს ქვეშეცნეული შიში ექნება, ვაითუ რაღაც ისე არ წარიმართოს, მერე კიდევ ათწლეულები მოგვიწევს ლოდინიო…
იტალიას კი დიდი ტურნირები ხუთჯერ მოუგია. მეორე ევროპული გუნდია, რომელიც მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების მე-10 ფინალს ითამაშებს (რეკორდი გერმანიის ნაკრებს ეკუთვნის 14 გადამწყვეტი მატჩით).
ანუ, ფინალების თამაშის გენეტიკური მახსოვრობა არსებობს. ეს შეიძლება სპორტული მახასიათებელიც იყოს, შეიძლება ფსიქოლოგიურიც.
საოცარი იყო ის გონებამახვილობა, რომელიც ესპანეთთან პენალტების სერიის წინ, მათი კაპიტნის, ჯორჯო კიელინის ქმედებიდან გამოსჭვიოდა: მან მთელი წარმოდგენა ჩაატარა და მეტოქეთა კაპიტან ჟორდი ალბას თავბრუ დაახვია.
აქ გაგვახსენდა ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ვარსკლავის, ლობო კარასკოს გამონათქვამი: არასოდეს დაუჯეროთ კიელინის ღიმილსო…
ტრადიციულად, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების დაწყების წინ, გუნდები კარს „ირჩევენ.“ ეს ერთობ სწრაფი და მაყურებლისთვის ხშირად შეუმჩნევლი პროცედურაა.
ამჯერად კი ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. როცა მსაჯმა მონეტა „ააგდო,“ ორივე კაპიტანმა „თავისი“ კარისკენ გაიშვირა ხელი, რომლის უკანაც საკუთარი გულშემატკივრები ეგულებოდათ. ალბა არწმუნებდა არბიტრს, რომ ეთანხმებოდა „არიოლ-რეშკის,“ შედეგს, კიელეინი კი ცუღლუტად იღიმოდა, მეტოქეს „მეგობრულად“ ხელს კრავდა და ღაწვებზე ჩქმეტდა… ისიც კარგად გამოჩნდა, რომ ალბას ასეთი „ძმაკაცობა“ არ სიამოვნებდა, გაკვირვებული, დაბნეული და შეცბუნებული იყო…
მონეტა თავიდან „ააგდეს“ და მსაჯმა იმ კარისკენ მიუთითა, სადაც იტალიელი ტიფოზები ისხდნენ. კიელინის „გონების მცირე თამაშმა“ შედეგი გამოიღო, იტალიელთა კაპიტანმა კი ოპონენტის მეგობრულად ჩახუტება და ღიმილი გააგრძელა. ალბა ისევ დაბეული იყო და სულაც არ ეხუმრებოდა.
პენალტი არცერთს დაურტყამს, მაგრამ ეს ნათელი ილუსტრაციაა იმისა, თუ რამდენად მომზადებულები იყვნენ იტალიელები მსგავსი სიტუაციისთვის. შედეგად, იტალიამ გაიმარჯვა. კიელინი კვლავ აგრძელებდა ღიმილს, ალბას კი მწუხარებისგან ხელებში ჩაერგო თავი…
ბუქმეიკერები სკუადრა აძურას ევრო 2020-ზე ფავორიტებს შორის მერვე ადგილზე ასახელებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიელები 2018 წლის მუნდიალზე ვერ გავიდნენ (1958 წლის შემდეგ პირველად მოხდა), ყველაფერი შეიცავლა. მწვრთნელი რობერტო მანჩინი გახდა, აძურამ თანამედროვე ფეხბურთის თამაში დაიწყო და ეს ფანტასტიკური სერია გრძელდება – გუნდი 33 მატჩია აღარ აგებს!
ზედიზედ 33 წაუგებელი შეხვედრა ნაკრებთა შორის, ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდი კი 35 მატჩიანი სერიაა, რომელიც ბრაზილიის (1993-96) და ესპანეთის (2007-09) ნაკრებ გუნდებს ეკუთვნით.
ფინალი უემბლიზეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იტალიელებს გულშემატკივრები დააკლდებათ. საინტერესოა, რომ ნახევარფინალის წინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ, კოვიდრეგულაციების გათავალისწინებით, ტიფოზებს ოფიციალურად მხოლოდ 125 ბილეთი გამოუყო, მაგრამ რამდენნი იყვნენ უემბლიზე, ვნახეთ.
მოკლედ, გუნდიან-ქომაგებიანად კიელინები არიან…