არგენტინა ნახევარფინალშია!

არგენტინა – ნიდერლანდებმა მაყურებელს ისეთი მოზღვავებული ემოცია აჩუქეს, როგორიც ასეთ დიდ გუნდებს შეუძლიათ და ეკადრებათ! მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალი უკვე რამხელა დატვირთავაა, მით უფრო ამ გუნდების მონაწილეობით.

მატჩი მძიმედ დაიწყო – ამას ველოდით კიდეც. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ზვერავდნენ, განსაკუთრებულ რისკს ერიდებოდნენ. ამ დროს გამოსავალი ინდივიდუალური ოსტატობაა – როდესაც გუნდში მესია, იქ უკვე განსხვავება იქმნება. დიახ, ისეთი სიტუაცია იყო, როდესაც საგოლე პასი გოლს ჯობს – 35-ე წუთზე, ლეომ მოლინა მეკარესთან პირისპირ დატოვა და მასაც ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. პირველ ნახევარში სულ ეს იყო.

მეორე ნახევარიც ისე დაიწყო, როგორც პირველი. მოედანზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, როდესაც, აკუნიამ თერთმეტმეტრიანი “აიკიდა”, 73-ე წუთზე კი ის მესიმ გოლად აქცია და არგენტინა ორ ბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

ნიდერლანდების “ქამბექი” ძნელად სავარაუდო იყო – არა მხოლოდ ანგარიშის გამო, არამედ თამაშის ხარისხითაც, ნარინჯისფრები სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ… 78-ე წუთზე, ვან გაალმა, დეპაის ნაცვლად, მოედანზე ვერგჰოსტი შემოუშვა და მანაც გაამართლა, თან როგორ! ჯერ, 83-ე წუთზე, ანგარიში შეამცირა, მსაჯის დამატებულ მეათე წუთზე კი ანგარიში გაათანბრა! გამოჩნდა, რომ ნიდერლანდების მთავარი ძალა, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, სტანდარტები იყო.

ამ შოკის შემდეგ, პირველმა დამატებითმა ტაიმმა უმომენტოდ ჩაიარა – ორივე ნაკრები ემოციებისგან გათავისუფლებას ეცადა. რაც შეეხება მეორეს, იქ გამოჩნდა, რომ ალბისელესტეს საქმის პენალტების სერიამდე მიყვანა არ უნდოდა, მეტიც შეუტია, ენცო ფერნანდესმა ძელსაც გაარტყა, მაგრამ ყველაფერი მაინც თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა.

თერთმეტმეტრიანებში არგენტინა უკეთესი იყო – 4:3. გადამწყვეტი პენალტი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა…

2014 წლის მსოფლიო გაგვახსენდა, როდესაც არგენტინამ ნიდერლანდებს პენალტებში მოუგო – 4:2.

მატჩის გმირი

ამ წოდებას ორი ფეხბურთელი თანაბრად იმსახურებს: ლეო მესი – გოლისა და საგოლე პასის ავტორი და ემილიანო მარტინესი, მეკარე, რომელმაც ორი ურთულესი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. თავად გადაწყვიტეთ.

ნიდერლანდები 2:2 (3:4) არგენტინა
35′  – მოლინა – 0:1
73′ – მესი – 0:2
83′ – ვერგჰოსტი – 1:2
100′ – ვერგჰოსტი – 2:2

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *