არველაძეს ჰალში ქართველი სურს – შეთავაზება უკვე გაკეთებულია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა არველაძეს ჰალ სიტიში გიორგი მიქაუტაძის გადაბირება სურს. ბოლო ცნობებით, მიქაუტაძე ერთადერთი ქართველი არ არის, რომლის დამატებაც ქართველ მწვრთნელს უნდა.

თურქულ ajansspor-ზე ვკითხულობთ, რომ ჰალ სიტიში კარიერა შესაძლოა საბა ლობჟანიძემ გააგრძელოს. ამის შესახებ ჰატაისპორის ვიცე-პრეზიდენტმა მუსტაფა ოზატმა ერთერთ გადაცემაში თქვა. მან ისიც აღნიშნა, რომ ბრიტანული გუნდის მხრიდან შეთავაზება უკვე გაკეთდა. ოზატის თქმით, ლობჟანიძესთან ერთად არველაძეს ალ კააბის გადაბირებაც სურს.

საბა ლობჟანიძე ჰატაისპორში შარშან ივნისში ანკარაგუჯუდან გადავიდა. ქართველმა შემტევმა 2021-22 წლების საკლუბო სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჰატაისპორი თურქეთის სუპერლიგაში 53 ქულით მე-12 ადგილზე გავიდა.

რაც შეეხება შოთა არველაძეს და ჰალ სიტის, ქართველმა მწვრთნელმა გუნდი იანვარში ჩაიბარა. მთავარი მიზანი ჩემპიონშიფში ადგილის შენარჩუნება იყო და არველაძის გუნდმა ეს მოახერხა. ჰალ სიტიმ ჩემპიონშიფში 53 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.

Leave a comment

Your email address will not be published.