ასე გააცილეს ხვიჩა – დინამო ბთ. 4:1 დინამო თბ. 

ეროვნული ჩემპიონატის მე-20 ტურში, მთავარი მატჩი ბათუმში შედგა, სადაც ადგილობრივმა დინამომ თბილისური დინამო მიიღო. შეხვედრას, რა თქმა უნდა, სატურნირო ინტრიგა ახლდა – ბათუმელებს 44 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს კი – 38, სტუმრების გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა გაღვივდებოდა, მასპინძლებისა კი – კომფორტული უპირატესობა შეიქმნებოდა – 9 ქულიანი ჰანდიკაპი.

ბათუმელებმა მატჩში ინტრიგა პირველივე ნახევარში მოკლეს – ისინი უკეთ უტევდნენ, მომენტებს ქმნიდნენ და მათი რეალიზება 3-ჯერ მოახერხეს: მე-17-ე წუთზე ანგარიში ფლამარიონმა გახსნა, 25-ზე მეორე ალთუნაშვილმა გაიტანა, მესამე კი, 43-ე წუთზე, ტეიდის ანგარიშზეა.

რაც შეეხება მეორე ნახევარს, აქ გუნდებმა გოლები გაცვალეს, 59-ე წუთზე სხირტლაძემ ანგარიში შეამცირა, თუმცა 93-ზე დავითაშვილმა 3 ბურთიანი უპირატესობა გუნდს კვლავინდებურად დაუბრუნა.

საბოლოოდ, 4:1.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ზურიკოა – გოლი და საგოლე პასი…

29 ივნისს გამართული მე-20 ტურის კიდევ 2 შეხვედრა ასევე საინტერესო და უხვგოლიანი იყო – გაგრასა და საბურთალოს მატჩი 3:3 დასრულდა, ტორპედომ კი გორის დილა მიიღო და მცირე სენსაცია შემოგვთავაზა – 4:1 – მასპინძლებმა მოიგეს!

 

Leave a comment

Your email address will not be published.