„ატლანტამ“ STATE FARM ARENA-ზე უმასპინძლა „ფილადელფიას“, მეტოქე დრამატულ ბრძოლაში 103:100 დაამარცხა და საპლეიოფო სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2:2.
„ჰოუქსის“ მთავარი მწვრთნელი – ნეიტ მაკმილანი გავკვირვებული უყურებდა საკუთარი გუნდის ლიდერ ტრე იანგს, რომელიც გახურებისას გადახვეული მხრით ვარჯიშობდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ატლანტას“ გამთამაშებელს მხარი აქვს დაზიანებული, თუმცა ამას მალავდა სამწვრთნელო შტაბისგან.
შეხვედრის პირველი ტაიმი „ფილადელფიას“ უკეთესი გამოუვიდა – ჰარისის კარგი თამაშის ფონზე, 76-ერსმა მალევე მოიპოვა ლიდერობა და პირველი ტაიმის მიწურულს 60:42 გალიდერდა. ტობაიასი მშვენიერი ფორმაშია – უკანასკნელ 7 საპლეიოფო თამაშში მინიმუმ 20 ქულას აგდებს.
მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე ჯოელ ემბიდმა „აურია“ – 12-ჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, თუმცა ვერცერთი ვერ ჩააგდო. ამით მშვენივრად ისარგებლეს „ჰოუქსის“ კალათბურთელებმა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირეს.
მასპინძელთა რიგებში გამოირჩეოდა ბოგდან ბოგდანოვიჩი. სერბმა სნაიპერმა 22 ქულა აიღო, 26 ტყორცნის შემდეგ 25 ქულა ქონდა ტრე იანგს, თუმცა მან თანაგუნდელებს 18 შედეგიანი გადაცემაც მიაწოდა. ორმაგი დუბლები შეასრულეს „ბიგ მენებმა“: ჯონ კოლინზი – 14 ქულა+12 მოხსნა, კლინტ კაპელა – 12 ქულა+13 მოხსნა.
მეოთხე მეოთხედის მიწურულს სიტუაცია უაღრესად დაიძაბა – „ატლანტა“ 101:100 იგებდა, როდესაც ემბიდმა მარტივი ლეიაფით ვერ მოუტანა ქულები საკუთარ გუნდს, დამატებაზე ვერ ბენ სიმონსმა ივარგა.
ტაქტიკური ჯარიმის აღების შემდეგ მასპინძლები უკვე 3 ქულას იგებდნენ, „76-ერსმა“ ანგარიშის გამთანაბრებელი სროლის განხორციელება სტეფ კარის უმცროს ძმას – სეტ კარის ანდო, რომელმაც ეს შანსი ვერ გამოიყენა და მეოთხე მეოთხედის დამასრულებელი სირენის ხმაც გაისმა.