„ატლანტა ჰოუქს“-ს თავის ფრენჩაიზ ისტორიაში პლეიოფის გადამწყვეტ მე-7 შეხვედრებში სტუმრად 9-დან 9 მატჩი ქონდა წაგებული, თუმცა ეს უსიამოვნო სერია სადღაც უნდა დასრულებულიყო.
ტრე იანგი გახლავთ ვარსკვლავი, რომელმაც კიდევ ერთხელ „გამოანათა“, „ატლანტას“ 103:96 მოაგებინა „ფილადელფიასთან“ და „ქორები“ 2015 წლის შემდეგ პირველად „შეფრინდნენ“ კონფერენციის ფინალში.
ტრე იანგს პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კატასტროფული მაჩვენებლები ქონდა – 12 მცდელობიდან ერთადერთი ბურთი ქონდა კალათში ჩაგდებული, თუმცა ეს გახლდათ ის მომენტი როდესაც სტატისტიკა ტყუის.
ახალგაზრდა გამთამაშებელმა ჯამში 23 მცდელობიდან მხოლოდ 5 ტყორცნა შეასრულა ზუსტად, მატჩი 21 ქულით და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და გამარჯვების მთავარი ფაქტორი მაინც თვითონ გახდა, ვინაიდან იანგი მოედანზე უბრალოდ ლიდერი იყო.
გასახდელში გასვლის წინ ტრემ მაისური გაიხადა და მამამის აჩუქა – ორიგინალურად მიულოცა მამების საერთაშორისო დღე
„ჰოუქსის“ რიგებში სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა ჯონ კოლინზმა 14 ქულა+16 მოხსნა, 17 ქულა დააგროვა სათადარიგო სკამიდან შემოსულმა დანილო გალინარიმ, 27 ქულა ქონდა კევინ ჰუერტერს.
„ფილადელფიამ“ კონფერენციის ნახევარფინალში, საკუთარ Wells Fargo Center-ში 1, 3 და 7 მატჩები წააგო, ასეთი შედეგით კი გუნდს პრეტენზია არ უნდა ქონდეს ჩემპიონობაზე.
„76-ერსის“ რიგებიდან ჯოელ ემბიდს 31 ქულა და 11 მოხსნა ქონდა, ორმაგი დუბლი შეასრულა ასევე ტობაიას ჰარისმა 24 ქულა+14 მოხსნა.
მატჩი 5 ქულით დაასრულა ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა ბენ სიმონსმა. პრეს კონფერენციაზე, „ფილას“ მწვრთნელ დოკ რივერსს, როდესაც კითხეს – იყო თუ არა ეს უკანასკნელი მატჩი ბენ სიმონსისთვის „76-ერსის“ მაისურით, დოკმა ორაზროვანი პასუხი გასცა – სავარაუდოდ განაჩენი გამოტანილია – ბენ სიმონსი რომელიმე სხვა გუნდში გაიცვლება.
„ფილადელფიას“ წინსვლის პროცესს გამთამაშებელი ამუხრუჭებს, დანარჩენი უკვე გენერალური მენეჯერის საქმეა, რომელიც ალტერნატიულ ვარიანტებს უკვე ეძებს.
კონფერენციის ფინალში “ატლანტას” მეტოქე იანის ანტეტენკუმპო და მისი “მილუოკი” იქნება. სერია სტარტს ხვალ აიღებს.