აფრასიძემ მონპელიე ფინალში გაიყვანა (Video)

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ქართველი ბურჯის ლევან ჩილაჩავას კასტრმა გათამაშების უდავო ფავორიტს, ტულუზს 24:18 მოუგო და ფინალში გავიდა. ჩილაჩავა თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში მიხეილ ნარიაშვილისა და გელა აფრასიძის მონპელიემ ლექსო ყაულაშვილისა და ლაშა ტაბიძის ბორდო დაამარცხა – 19:10. .მატჩის გმირი საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი გელა აფრასიძე გახდა, რომელიც თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 13:10 იყო მისი გუნდის სასარგებლოდ. აფრასიძემ ჯერ 70-ე წუთზე 55 მეტრიდან გაიტანა საჯარიმო და თავისიანები კიდევ უფრო დააწინაურა – 16:10. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, კიდევ ერთი საჯარიმო 53 მეტრიდან დაარტყა და გაიტანა. ამით ჩვენებურმა გუნდს ფინალის საგზური გაუნაღდა. სხვა ქართველებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ფინალი კასტრსა და მონპელიეს შორის 24 ივნისს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published.