აქ იდგა ჩემი სახლი… (+სინიშას video)

„ეს არაა ჩემი ბოროვო. მე ლამაზი მახსოვს და არა დანგრეული. იმიტომაც ვტირი. ერთის მხრივ, ჩემი ბავშვობაა, აქ გავიზარდე, აქ იდგა ჩემი სახლი… მეორე მხრივ, ეს ის აღარაა, სხვაა. აქ ვეღარ ჩამოვალ, აღარაფერი დამრჩა“ – თქვა სინიშა მიხაილოვიჩმა 2016 წელს, როცა ხორვატიის პატარა ქალაქ ბოროვოში ჩავიდა.

მიხაილოვიჩი 25 წელი არ იყო იქ ნამყოფი! 1991 წელს ომი რომ მძვინვარებდა, იქიდან მოყოლებული. ეს სწორედ ის წელია, როცა ცრვენა ზვეზდამ ჩემპიონთა თასი მოიგო და სინიშაც იმ გუნდის მარცხენა ნახევარმცველი იყო… მერე გახდა მცველი.  ნახევარფინალში მაგარი გოლიც გაუტანა ბაიერნს.

ხორვატებმა მშობლიური სახლი დაუწვეს, რადგან სინიშა სერბი იყო. დიახ, მიხაილოვიჩი მაშინდელ იუგოსლავიაში და ამჟამად ხორვატიის ტერიტორიაზე დაიბადა-გაიზარდა. მამა სერბი იყო, დედა – ხორვატი.

„სახლი ჩემმა ხორვატმა მეგობარმა გადამიწვა. საუკეთესო მეგობარმა! მოგვიანებით მითხრა, ეს რომ არ გამეკეთებინა, მომკლავდნენო“ – თქვა სინიშამ.

მიხაილოვიჩი იხსენებდა, რომ ბავშვობა გაჭირვებაში გაატარა და ერთ დღეს გადაწყვიტა – ფეხბურთელი უნდა გავხდე, მილიონი უნდა ვიშოვნო და სატვირთო მანქანით ტონობით ბანანს მოვიტანო.

„ბანანი ძალიან მიყვარდა. მახსოვს, მშობლები რომ მე და ჩემს უმცროს ძმას თითო-თითო ბანანს მოგვცემდნენ, ჩემსას ვუყოფდი ძმას. მე ნახევარი მრჩებოდა, იმას კი ერთნახევარი“.

სინიშას იარაღი ყველამ იცის: საჯარიმო დარტყმები. თავადაც აქვს ნათქვამი, ესენი რომ არა, შესაძლოა, ფეხბურთელი ვერც გამოვსულიყავიო.

ცრვენა ზვეზდა, რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი, იუგოსლავიის ნაკრები – ყველგან მაგარი იყო მიხაილოვიჩი. ერთ მატჩში, ინტერთან სამი გოლიც გაიტანა საჯარიმო დარტყმებით… როგორია მცველის ჰეთ-თრიქი?

სინიშა მებრძოლი იყო რთული ხასიათით. აი, ლეიკემიასაც ბევრი ებრძოლა, მაგრამ ვერ დაამარცხა…

რამდენიმე თვის წინ ბოლონიას ფეხბურთელები თავიანთ მწვრთნელს მიხაილოვიჩს საავადმყოფოში სტუმრობდნენ ხოლმე. ეზოში იკრიბებოდნენ და გამამახნევებელი სიტყვებს ეუბნებოდნენ.

სინიშა 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *