ახალი ინიესტა

ახლადდამთავრებული სეზონი ბარსელონასთვის იოლი არ იყო. პირიქით, ერთობ წინააღმდეგობრივი და ნერვიული გამოდგა. პრიმერაში საბოლოო მესამე ადგილიც წარმატებად ვერ ჩაითვლება. ჩემპიონთა ლიგიდან ამჯერადაც სამარცხვინოდ გავარდნენ უკვე მერვედფინალში (პსჟ-სთან 1:4, 1:1). მართალია, ქვეყნის თასი მოიპოვეს, მაგრამ ბარსელონას რანგის გუნდებისთვის ეს თითქმის არაფერს ნიშნავს.

თუმცა, რაღაც კარგიც მოხდა და ეს კარგი, გუნდში ახალგაზრდების წახალისება გახლდათ. ერნესტო ვალვერდეს დროს ბარსამ პრიმერა მოიგო, მაგრამ გზა, რომლითაც გუნდი ვითარდებოდა, მცდარი ჩანდა.

No description available.

რონალდ კუმანს ბევრი კრიტიკა შეხვდა გასულ სეზონში. იყო ჩავარდნები, არასტაბილურობა, მაგრამ, სამაგიეროდ, ბევრი ახალგაზრდა შეეჩვია ძირითად შემადგენლობას და ეს უკვე დიდი ამბავია, რადგან თაობათა ცვლის მტკივნეული ეტაპიც  თითქმის გავლილია. თუ არ ჩავთვლით ლეო მესის ფაქტორს. არგენტინელი მართლაც განსაკუთრებული ფიგურაა გუნდში და გულშემატკივრებს იმ დღის წარმოდგენაც კი უჭირთ, როცა ერთხელაც წავა.

შედეგად, კუმანი თანამდებობაზე დარჩა და კატალონიელებს კიდევ ერთ წელიწადს გაწვრთნის.

კუმანის პერიოდში გუნდში ადგილი დაიმკვიდრა დემბელემ, გამოჩდნენ არაუხო და მინგესა, მაგრამ ერთ ახალბედაზე განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ – ეს 18 წლის პედრი გახლავთ.

მისი ბავშვობის მწვრთნელი, რუბენ დელგადო, ყვება: „ის ეფექტურად არ თამაშობდა, არ ჟონგლიორობდა ბურთით, მაგრამ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. გასაოცრად ზრდასრული მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა თანაგუნდელებისგან განსხვავებით. უბრალო და გენიალური გადაწყვეტილებებით ის ინიესტას მაგონებდა. იშვიათი ტალანტია.“

ერთხელ საკუთარ თავს უღალატა, მეტოქის მთელი გუნდი მოატყუა და ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, რომ მეტოქე გუნდის სათადარიგოთა სკამზე მსხდომმა ფეხბურთელებმაც კი ტაში დაუკრეს. როცა მწვრთნელმა ჰკითხა: ეს რა იყოო, უპასუხა – ბოდიში, არ ვიცი, თავისთავად გამოვიდაო.

სხვათა შორის, თავის კერპად პედრი სწორედ ინიესტას მიიჩნევს.

ბარსელონაში ის 17 წლის მოხვდა (ტენერიფეშია დაბადებული). ცოტა ხანს იჯარის წესით ირჯებოდა ლას პალმასში, სადაც 10 ნომრის და გარემარბის ფუნქციებს ასრულებდა. ბარსელონაში დაბრუნებისას კი თავიდან თითქოს დაიკარგა. საუბრობდნენ კიდეც სპეციალისტები, ძირითადში ადგილს მალე დაკარგავსო, მაგრამ პირიქით მოხდა და მიზეზი სხვა სათამაშო პოზიციაზე გადაყვანა გახდა.

პირველ სამ მატჩში პედრი შეცვლაზე შეჰყავდათ, ორჯერ კოუტინიოს და ერთხელ ფატის მაგიერ. შემდეგ ძირითადში კოუტინიოს ადგილი დაიკავა (მიზეზი ბრაზილიელის მძიმე ტრავმა გახლდათ). მერე ფატიც დაშავდა და კუმანმა კიდევ ერთხელ გადააწყო ტაქტიკა. ამჯერად პედრის თავდამსხმელების უკან, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია შეხვდა. სწორედ ეს გახდა მისი არნახული პროგრესის მიზეზი. კუმანი ხან 4-3-3, ხანაც 3-4-3 ტაქტიკურ სქემებს იყენებდა, მაგრამ პედრი ორივე შემთხვევაში ანალოგიურ ფუნქციას ასრულბდა. ამ დროს კარგად გამოჩნდა მისი საფეხბურთო ინტელექტი.

პედრის ძირითადი მისია ახლა თავდამსხმელების უკან ყოფნა და მათთან შეწყობაა. უპირველესად, ცხადია, მესისთან. ზოგჯერ კი უახლოეს პარტნიორთან ბურთის გათამაშება და სწრაფი გაქცევა მეტოქის კარისკენ, რასაც ის ჩინებულად ართმევს თავს. ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც – მან მოახერხა და სეზონი ტრავმის გარეშე ჩაატარა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის თითქმის წარმოუდგენელი ფუფუნებაა.

No description available.

შედეგად, პედრი შეუცვლელი მოთამაშე გახდა. არადა, სულ 18 წლისაა. ანუ, მომავლის მოთამაშეა და კიდევ მოუმატებს.

ჯერჯერობით მისი გუნდზე გავლენა ისეთი არ არის, როგორიც, ვთქვათ, ფრენკი დე იოგისა. მაგრამ მის ასაკში დე იონგი აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და მართლაც შთამბეჭდავი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში მაშინ ჩაატარა, როცა 21 წლის იყო.

პედრიმ კი უკვე ყველა ტურნირზე თამაშის გამოცდილება მიიღო და გაისად მისგან გაცილებით მეტს ელიან. ახლა კი ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. სხვათა შორის, პედრის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ოთხჯერ უთამაშია. აქედან ერთხელ, თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატში, წლეულს 28 მარტს. დებიუტი კი ამ  შეხვედრამდე სამი დღით ადრე ჰქონდა, ბერძნებთან შეხვედრაში.

See the source image

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *