ახალი იტალია. რა მოხდება?

„ის ორი პენალტი, შარშან შესარჩევში რომ გავაფუჭე, ცხოვრების ბოლომდე ტკივილად გამყვება. ასეთი ტვირთის მოხსნა არ შემიძლია… ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი არ ვიცი, რა დაგვემართა. ვდომინირებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მანამდე კარგად ვთამაშობდით, ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ, მაგრამ მერე შეცდომები დავუშვით და ისინი გადამწყვეტი გამოდგა“ – ეს ჟორჟინიომ თქვა (RAI Sport).

იტალიის ნაკრებში დიდ ცვლილებებს ელიან და ჩამოვყვებით.

მწვრთნელი: დიდი შანსია, რობერტო მანჩინი ფაბიო კანავარომ შეცვალოს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს, რომ მანჩინის ნდობას უცხადებენ, მაგრამ პრესა ფიქრობს, რომ ეს დიპლომატიური ნათქვამია. კანავარო 5 წელი მუშაობდა ჩინეთში, საიდანაც შარშან წავიდა. არაა გამორიცხული, კანავაროსთან ერთად, მარჩელო ლიპი მოვიდეს შტაბში – თანაშემწედ, ან მრჩეველად.

ფეხბურთელები: ჩირო იმობილე და მარკო ვერატი ფიქრობენ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე. იმობილე 32 წლისაა, ვერატი კი 29-ის. ჯორჯო კიელინი ნამდვილად წავა და ისედაც აპირებდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ. იმ მსოფლიოს, სადაც იტალია ვერ ითამაშებს. ასაკშია ლეონარდო ბონუჩიც – 35 წლისაა. თუმცა ბონუჩის მსგავსი არაფერი უთქვამს.

ყოფილი მწვრთნელების აზრი: არიგო საკიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე მეტად, იტალიის საფეხბურთო ხელმძღვანელობაა დამნაშავე. ფედერაციას კურსი არ ჰქონდა, არც კლუბები მუშაობდნენ სწორად, როცა ახალგაზრდა იტალიელებს არ ათამაშებდნენ და ლეგიონერებს ამჯობინებდნენო.

ფაბიო კაპელომ კი სტილის შეცვლაზე ისაუბრა, იტალიაში უმეტესობა პეპ გვარდიოლას ბაძავდა, ბურთის გათამაშება კი იტალიელების ძლიერი მხარე არაა და სჯობდა, გერმანული მოდელი უფრო აგვერჩია, რასაც იურგენ კლოპი მისდევსო. „ჩვენ სიფრთხილის ქვეყანა ვართ საფეხბურთო თვალსაზრისით“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *