მიუნხენის ბაიერნში, წამყვანი ფეხბურთელების მთელი წყებაა, რომლებსაც კონტრაქტი მალე ამოეწურებათ: კინგსლი კომანი (2023); ნიკლას ზულე (2022) და სერჟ გნაბრი (2023).
გნაბრისთან დაკავშირებით, ბაიერნს პრობლემა არ აქვს – კლუბი და ფეხბურთელი ერთმანეთთან ჰარმონიაში არიან და ნაკლებად სავარაუდოა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაიმე პრობლემა შეექმნათ.
კინგსლი კომანის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ფრანგის შენარჩუნებას რეკორდმაისტერი ყველანაირად ცდილობს. თავდაპირველად, ზაფხულში, როდესაც კლუბი და ფეხბურთელი მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ, კინგსლიმ ისეთი ხელფასი მოითხოვა, როგორიც ბაიერნში წამყვან ფეხბურთელებს აქვთ, რაზეც უარი მიიღო. ამ სეზონში, კომანის ფენომენალური თამაშის შემდეგ, მიუნხენელთა ბოსებმა უკან დაიხიეს, მოლაპარაკებების მაგიდას ისევ მიუსხდნენ და მზად არიან მოთხოვნილი ხელფასი დააკმაყოფილონ.
რაც შეეხება ნიკლას ზულეს, მისი წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. გერმანელი ცენტრალური მცველი ძირითადის ფეხბურთელად აღარ განიხილება, ის ხელფასი კი, რასაც კონტრაქტის გახანგრძლივებაში ითხოვს, ბაიერნისთვის ზედმეტად ბევრია. ნიკლასს პრემიერლიგაში თამაში სურს და, ბოლო ინფორმაციის თანახმად, ნიუკასლში წასვლას აპირებს…