მიუნხენის ბაიერნმა ნახევარდაცვა გააძლიერა. გუნდმა ლაიფციგიდან მარსელ ზაბიცერი დაიმატა, რომელიც გუნდის კაპიტანი გახლდათ. გერმანელებს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდათ. რეკორდმაისტერებმა ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუფორმეს.
ზაბიცერი ლაიფციგში 2015 წლის ზაფხულში ზალცბურგიდან გადავიდა. იგი გუნდის ლიდერად იქცა და ბუნდესლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახდა. 27 წლის ფეხბურთელმა წინა სეზონში 39 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბაიერნს, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში გუნდმა 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ბაიერნი ბუნდესლიგაში 7 ქულით მე-3 ადგილზეა.