„ბარსელონას“ პირველი მარცხი „პალაუ ბლაუგრანაზე“

ევროპის კონტინენტზე კორონავირუსი მძვინვარებს. ამ ფაქტმა ხელი ევროლიგის მიმდინარე გათამაშებასაც დაატყო და უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში უკვე არაერთი მატჩი გადაიდო გაურკვეველი ვადით.

რეგულარული სეზონის მე-20 ტურში 3 მატჩის გამართვა მაინც მოხერხდა,  ცენტრალური შეხვედრა კი  „ბარსელონა“ – „მილანის“ დაპირისპირება იყო.

null

მატჩი „პალაუ ბლაუგრანაზე“ იმართებოდა, სადაც უდავო ფავორიტად „ბარსა“ მიიჩნეოდა, თუმცა ეტორე მესინას გაწვრთნილმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონკრეტული მატჩის მოგება ნებისმიერ მოედანზე შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან.

შეხვედრის სტარტზე „ბარსელონა“ ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა – ნიკოლა მიროტიჩის ზუსტი „ლეიაფების“ შედეგად მასპინძლები ანგარიშში დაწინაურდნენ, თუმცა სტუმართა რიგებში „აფეთქდა“ სერხიო როდრიგესი, რომელმაც საწყის 10 წუთში 10 ქულა დააგროვა და ანგარიშიც გათანაბრდა 14-14.

null

მეორე პერიოდში უკვე „ემპერიო არმანის“ უპირატესობა გახლდათ — „ელ ჩაჩოდ“ წოდებულმა ესპანელმა კალათბურთელმა აღებული ტემპი არ დააგდო და თავის თანამემამულეებს პირველი ტაიმი ფაქტობრივად მარტომ მოუგო 34-28.

მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლებმა „აგრესიულად“ დაიწყეს – 9 უპასუხო  ქულა ჩაუგდეს მეტოქეს და ლიდერობა დაიბრუნეს. ამ გაქცევაში ლომის წვლილი დაიდო ნიკოლა მიროტიჩმა, რომელსაც 5 ქულა ქონდა, ხოლო ლაპროვიტოლამ 3 შედეგიანი პასი „გაშანსა“.

„ბარსამ“ მეტოქის რბევა მესამე მეოთხედის ბოლომდე გააგრძელა -კაილ კურიჩის სნაიპერული თვისებების ფონზე 19-2 გაქცევა შედგა და თითქოს შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყდა, თუმცა კატალონიელთა ყოფილმა სნაიპერმა – მალკომ დელეინიმ ზედიზედ 6 ქულის აღებით შეხვედრაში ინტრიგა ისევ „შემოაბრუნა“ 47-54.

null

უკანასკნელ, მეოთხე მეოთხედში ჯერ ვეტერანმა კაილ ჰაინსმა „მოაოხრა“ მეტოქის 3 წამიანი ზონა, შემდეგ დონტა ჰოლმა, რასაც მალკომის ზუსტი სროლებიც დაემატა პერიმეტრიდან.

მასპინძლეთა დიდი უპირატესობა მალევე ჩამოდნა, დელეინიმ კი ყველა გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანად ისროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ და „მილანს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 75-73, “ბარსამ”  მიმდინარე სეზონში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „მილანის გამთამაშებელი სერხიო როდრიგესი გახდა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 4 პასი იყო. 15 ქულა დააგროვა მალკომ დელეინიმ.

„ბარსას“ რიგებიდან 22 ქულა დააგროვა კაილ კურიჩმა, 18 ნიკოლა მიროტიჩმა, თუმცა მხოლოდ ამ 2 კალათბურთელის კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი გამარჯვებისთვის.

19 ნათამაშები მატჩის შემდეგ „ბარსა“ პირველ ადგილზეა 15 მოგებით და 4 მარცხით, მეორე ადგილზე მყოფ რეალს 14 მოგება და 3 წაგება აქვს და პოტენციურ ლიდერად სწორედ პაბლო ლასოს გუნდი განიხილება, რადგან ესპანურ სამეფო კლუბს რეზერვში 2 მატჩი აქვს.

„პალაუ ბლაუგრანაზე“ მოპოვებული ხმაურიანი გამარჯვების ფონზე „მილანი“ სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილამდე აღზევდა ბალანსით 11 მოგება/6 მარცხი.

Leave a comment

Your email address will not be published.