ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საჩემპიონო დაპირისპირება ბარსელონას და რეალს შორის. პლეიოფის ფინალური ეტაპის მეორე მატჩში ბარსამ საკუთრ მოედანზე უმასპინძლა რეალს, მეტოქე 71:69 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1-1.
მადრიდული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო ხუთეულში სუპერ-დაცვითი შემადგენლობა დააყენა: ჰანგა-კოსიე-დეკი-იაბუსელე-ტავარეში. სტუმრებმა “გაუვალი კედელი” აღმართეს საკუთარ ნახევარზე და მეტოქე ძალიან შეზღუდეს. საწყისი 5 წუთის შემდეგ ანგარიში 14:4 იყო რეალის სასარგებლოდ.
ბარსელონა დროულად გამოფხიზლდა – ლაპროვიტოლას და კურიჩის სნაიპერული თვისებების შედეგად მასპინძლებმა ნელ ნელა ჩამოადნეს სტუმრებთან ჩამორჩენა და ანგარიშიც გათანაბრდა 22:22.
მეორე მეოთხედში თამაში “ჩაიკეტა” – ორივე გუნდი დაცვაში უფრო უკეთესად ასპარეზობდა, ვიდრე შეტევაში. კატასტროფულად დაეცა სამქულიანების რეალიზაციის მაჩვენებელი.
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 32:32 იყო.
მესამე მეოთხედში ოდნავ უკეთესად რეალი გამოიყურებოდა – დროის უმეტესი ნაწილი მადრიდული გუნდი 3-4 ქულიანი სხვაობით წინ იყო ანგარიშში, თუმცა ბოლო წუთებზე ბარსას კალათბურთელებმა ძალიან მოინდომეს და ლიდერობა დაიბრუნეს – ლაპროვიტოლამ მოძრაობაზე დაიჭირა ალბერტო აბალდე, ფოლი აკიდა, 2 ქულა ჩაუგდო და პლიუს საჯარიმოც გამოიმუშავა 56:54.
ბოლო პერიოდში მასპინძლებმა “აიწყვიტეს” და 8 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ წინ – ბრწყინავდა ნიკოლა მიროტიჩი, რომელიც ახლო და შორი დისტანციებიდან ბომბავდა მეტოქის კალათს 65-57.თითქოს ბარსელონამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა მატჩი, თუმცა არა – სწორედ აქ დაეწყოთ “დიდი გამყინვარება” კატალუნიელებს. რეალმა 8-0 გაქცევა მოახერხა და ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა 65-65.
შეხვედრის უკანასკნელი წამები დრამატული გამოდგა – მიროტიჩის ჩაგდებული ორქულიანით ბარსელონა” ისევ წინ გაიჭრა71:69, თუმცა ბოლო შეტევა რეალის კალათბურთელებს დარჩათ. ადამ ჰანგამ პერიმეტრზე მოტეხა მეტოქე და სამწამიან ზონაში შევიდა, თუმცა არ ესროლა და ბურთი პერიმეტრზე ამოიტანა, ფაბიენ კოსიემ გამარჯვები მომტანი სამქულიანი ააცილა. შექმნილ ქაოსში ბურთი ისევ სტუმრებს დარჩათ, თუმცა რუდი ფერნანდესს ბურთი ფეხებში აებლანდა და საფინალო სირენის ხმაც გაისმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბარსელონას მძიმე ფორვარდი – ნიკოლა მიროტიჩი გახდა. მონტენეგროელმა 26 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. რეალის რიგებიდან გამოირჩა ფრანგი გერშონ იაბუსელა – 16 ქულა, 11 მოხსნა.
სუპერ ფინალურ სერიაში ანგარიში 1-1 გახდა და მომდევნო ორი მატჩი უკვე რეალის საკალათბურთო არენაზე გაიმართება.