კატარის დედაქალაქ დოჰაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი კვალიფიკაციის გავლით ცდილობდა ძირითად ბადეში მოხვედრა.
ნიკამ პირველ ეტაპზე თურქი მეტოქე – ლიკელი დაამრცხა 6:3 7:5, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში კი მოულოდნელი მარცხი იწვნია ბრიტანელ ლიამ ბროადისთან 4:6 3:6 და ასპარეზობას გამოეთიშა.
ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა, რადგან ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გათამაშებას ფეხის ტრავმის გამო მოეხსნა ჯეკ დრეიპერი.ბრიტანელის ძირითად ბადეში ჩანაცვლება კი ქართველით მოხვდა.
დოჰას ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ნიკასთვის, რადგან 2 წლის წინ ბასილაშვილი აქ ჩემპიონი გახდა, შარშან კი ფინალი წააგო (რობერტო ბაუტისტა აგუტთან).
2023 წელს ქართველ ჩოგბურთელს 150 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი და თუ ეს წარმატებით ვერ შეძლო, დიდი უკუსვლა მოუწევს რეიტინგში. (ნიკა ამჟამად მსოფლიოს 113-ე ჩოგანია).
ბასილაშვილს კენჭისყრაშიც გაუმართლა, რადგან ტურნირის პირველ წრეში მასავით კვალიფიკანტ ალექსანდრ მიულერს ხვდება. ფრანგი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში 170-ე საფეხურზე იმყოფება და მასთან მატჩში ქართველი ფავორიტად მიიჩნევა.
თუ ნიკამ წარმატებით გაიარა მიულერის ბარიერი, მეორე რაუნდში ივაშკა/ვან დე ზანშულპს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. გადაულახავი ეტაპი არც ეს გახლავთ ქართველისთვის.
1/4 ფინალურ ეტაპზე კი ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე ტრავმა მოშუშებული ალექსანდრ ზვერევი იქნება.
დოჰას წლევანდელი ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია.ტოპ 8 განთესილს შორის არაერთი ცნობილი ჩოგბურთელი მოხვდა.
ტოპ 8 განთესვა დოჰას ტურნირზე
1. ანდრეი რუბლიოვი
2. ფელიქს ოჟე ალიასიმი
3. დანილ მედვედევი
4. ალექსანდრ ზვერევი
5. რობერტო ბაუტისტა აგუტი
6. დანი ევანსი
7. ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა
8. ბოტიკ ვან დე ზანშულპი