16 იანვარს სტარტს აიღებს 2023 წლის საჩოგბურთო სეზონის პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა.
Australian Open-ზე მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიოს 89-ე ჩოგანია, რამაც მას საშუალება მისცა პირდაპირ ძირითადი ბადიდან დაეწყო ტურნირზე ასპარეზობა.
კენჭისყრაში ნიკას ნამდვილად არ გაუმართლა, რადგან პირველივე მეტოქედ ტურნირის ერთერთ ფავორიტად მიჩნეული ტეილორ ფრიცი ეყოლება.
ამერიკის პირველი ჩოგანი მშვენიერ სპორტულ ფორმაშია, რამდენიმე დღს წინ მან თავის თანამემამულეებთან ერთად UNITED CUP მოიგო და დიდი სლემის ტურნირს ბრწყინვალე ხასიათზე ხვდება.
2023 წლის ავსტრალიის ღა პირველობაზე ფრიცი მერვე ნომრად არის განთესილი. ტეილორი ძალისმიერი ტიპის ჩოგბურთელია შესანიშნავი ჩაწოდებით, ასე რომ მისთვის ჰარდის საფარი ყველაზე კომფორტულია.
საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ნიკა ტეილორს მეხუთედ დაუპირისპირდება, ამ მომენტისთის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:2-ია.
2017 წელი, ჩენგდუ, 1/8 ფინალი
ფრიცი – ბასილაშვილი 6:3 3:6 6:1
2021 წელი, დოჰა, 1/2 ფინალი
ფრიცი – ბასილაშვილი 6:7 1:6
2021 წელი, დუბაი, 1/16 ფინალი
ბასილაშვილი – ფრიცი 6:4 3:6 6:7
2021 წელი, ინიან უელსი, 1/2 ფინალი
ბასილაშვილი – ფრიცი 7:6 6:3
თუ ბასილაშვილმა წარმატებით გადალახა ამერიკული ბარიერი, მეორე რაუნდში ბევრად მარტივი მოწინააღმდეგე ელოდება – ცენგ/პოპირინს შორის გამარჯვებული.
მესამე წრეში გასვლის შემთვევაში სავარაუდო მეტოქედ სერბი – მიომირ კეჩმანოვიჩი მოსჩანს, ხოლო 1/8 ფინალში – ალექსანდრ ზვერევი.
შეგახსენებთ, რომ ნიკას ავსტრალიის ღია პირველობებზე ჯამში 12 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 5 მოიგო და შვიდში დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ორჯერ მოახერხა მესამე წრეში გასვლა – 2018 წელს ედმუნდთან წააგო, ხოლო 2019-ში სტაფანოს ციციპასთან.
შარშან, ბასილაშვილი Australian Open-ს პირველი რაუნდიდან გამოეთიშა, დათმო რა 5 სეტიანი მატჩი ენდი მარეისთან 1:6 6:3 4:6 7:6(5) 4:6.