ამერიკის შტატ ოჰაიოში სტარტი აიღო ATP-ის მორიგმა მასტერსმა. საწუხაროდ ტურნირს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ქართველმა ჩოგბურთელმა პირველივე წრეში წააგო იტალიელ ფაბიო ფონინისთან 6:7 3:6.
ნიკამ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო – პირველივე გეიმი მშრალი ანგარიშით წააგო საკთარ ჩაწოდებაზე და მეტოქეს ბრეიკიანი უპირატესობა მისცა.
1:3-ზე ბასილაშვილი გამოფხიზლდა და ზედიზედ 2 გეიმის მოგებით ანგარიშიც გაათანაბრა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართველმა ჩოგბურთელმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, თუმცა არა. იტალიელმა მომდევნო გეიმში ისევ შეძლო ნიკას დაბრეიკება 4:3.
ბასილაშვილმა გაიბრძოლა, 3:50დან კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში და სეტი დიდი წვალების ფონზე გადაიყვანა ტაიბრეიკზე, სადაც უკეთესი ისევ იტალიელი გამოდგა – 3:7.
მეორე სეტის სასტარტო გეიმში ბასილაშვილმა 2 ბრეიკპოინტის გამოყენება ვერ შეძლო, რისთვისაც დაისაჯა – მომდევნო გეიმში ფონინიმ იოლად აიღო მეტოქის ჩაწოდება და მალე 3:0 დაწინაურდა.
ნიკამ ტაქტიკა შეცვალა – შემტევი ჩოგბურთიდან უფრო „მომთმენ ჩოგბურთზე“ გადაერთო, ცდილობდა რისკიანად აღარ ეთამაშა და მეტოქის შეცდომას დალოდებოდა.
ბასილაშვილმა ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და წონასწორობაც აღადგინა 3:3.
ფაბიო დროულად გამოფხიზლდა – რამდენიმე გათამაშებაში ბრწყინვალე კომბინაცია „დადგა“ და ამჯერად იტალიელმა მოიგო მომდევნო სამი გეიმი, რისი წყალობითაც მატჩიც გამარჯვებით დაასრულა 7:6 6:3.