ბასილაშვილის მეოთხე 1/2 ფინალი

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარმატებით ასპარეზობს ჰალეს 500-იანთა კატეგორიის ტურნირზე.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:4 7:6 მოუგო სამხრეთ აფრიკელ ლოიდ ჰარისს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი მარტივად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე, თუმცა მე-10 გეიმში ნიკა მიღებაზე გააქტიურდა და მოულოდნელად შესრულებული ბრეიკით სეტიც მოიგო – 6:4.

მეორე პარტიის სტარტზე ბასილაშვილმა ჯერ საკუთარი ჩაწოდება მოიგო დამაჯერებლად, მომდევნო გეიმში კი უკვე 3 ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ამ შანსების გამოყენება ვერ შეძლო, რისთვისაც მოგვიანებით დაისაჯა.

null

სამხრეთ აფრიკელმა ჩოგბურთელმა თანდათან მოუმატა და მე-9 გეიმში თითქოს გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა მომდევნო გეიმში ნიკამ უკუბრეიკი შეასრულა და სეტში ინტრიგა ისევ დაბრუნდა – 5:5.

ტაიბრეიკზე ოდნავ უკეთესად ისევ ბასილაშვილი გამოიყურებოდა, რომელმაც მესამე მატჩპოინტის რეალიზება შეძლო და 2 სეტში იზეიმა გამარჯვება.

შეხვედრა 1 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ჰარისის ანგარიშზე 14 ეისი, 1 ორმაგი და 1 ბრეიკი იყო, თავისმხრივ ნიკამ 3 ეისის წილ 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 7 ბრეიკპოინტიდან 2-ის რეალიზება შეძლო.

ლოიდმა უფრო ნაკლები უნებლიე შეცდომაც დაუშვა და უფრო მეტი ვინერსისც ქონდა, ვიდრე ნიკას, თუმცა ქართველმა თითქმის ყველა გადამწყვეტი ქულა მოიგო და ამის ხარჯზე მიაღწია წარმატებას.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1:0 გახდა ნიკას სასარგებლოდ.

null

ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება, რომელმაც თავისმხრივ 2 სეტში სძლია ფილიპ კოლშრაიბერს 7:6 6:2.
საქართველოს პირველი ჩოგანი რუბლიოვს კარიერაში მეხუთედ შეხვდება, ჯერჯერობით ანგარიში 2:2-ია.

ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხე ტურნირის ნახევარფინალში გააღწია.
ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას და მიუნხენის ტურნირები მოიგო, კალიარის ღია პირველობაზე კი ნახევარფინალურ სტადიაზე წააგო ლასლო ჯერესთან.

ჰალეს ნახევარფინალში გასვლით ნიკამ 59 860 ევრო და 180 ქულა გამოიმუშავა, რისი წყალობითაც ATP-ის ლაივ რეიტინგში 27-ე საფეხურამდე აინაცვლა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *