ბასილაშვილის წარმატებული სტარტი მიუნხენის ტურნირზე

გერმანიის ქალაქ მიუნხენში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირმა. BMW OPEN-ზე მეორე რაუნდიდან ჩაერთო ტურნირის შარშანდელი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მძიმე ბრძოლაში 3:6 6:2 6:4 სძლია ილია ივაშკას და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი ბელორუს ჩოგბურთელს უკეთესი გამოუვიდა – ივაშკამ ორჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 30 წუთში პირველი სეტიც მოიგო 6:3.

ნიკა დროულად გამოფხიზლდა – საქართველოს პირველმა ჩოგანმა მეორე სეტის 2:2-დან ზედიზედ 4 გეიმის მოგება შეძლო და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (3:6 6:2).

მესამე, გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო – ქართველმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. მე-9 გეიმში ბელორუსმა გაიბრძოლა და ბრეიკპოინტამდე მივიდა, თუმცა ნიკამ ეს საფრთხე  მოიგერია.

მე-10 გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებით ჩააწოდა მატჩზე და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა 3:6 6:2 6:4.

null

მატჩი 1 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ნიკას ანგარიშზე 2 ეისი, ამდენივე ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. ილია ივაშკამ 10 ეისის წილ 3 ორმაგი დაუშვა და 7 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ორის რეალიზება შეძლო.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 1:0 გახდა ქართველის სასარგებლოდ.

ბასილაშვილმა 18 თებერვლის შემდეგ პირველი მატჩი მოიგო ATP TOUR-ზე და შეწყვიტა 6 მატჩიანი წაგებათა სერია (არ იგულისხმება ფონინისთან მოგებული მატჩი – ტექნიკური გამარჯვება).

BMW OPEN-ის 1/4 ფინალში ნიკას მეტოქე მიომირ კეჩმანოვიჩი იქნება. თავისმხრივ სერბმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალურ სტადიაზე კორტების მასპინძელ დანიელ ალტმაიერს სძლია 6:2 6:4.

ქართველი და სერბი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

Leave a comment

Your email address will not be published.