ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას უიმბლდონის ტურნირზე. მეორე რაუნდში საქართველოს პირველმა ჩოგანმა 7:6 0:6 7:5 7:6 სძლია ქუენთინ ჰალისს და 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – ორივე ჩოგბურთელი ძალიან იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და სპორტსმენები ბრეიკპოინტის გარეშე მივიდნენ ტაიბრეიკზე. “საჩოგბურთო ლატარიის” საწყისი 5 ქულიდან ნიკამ 4 მოიგო და 4:1 დაწინაურდა. ფრანგი დროულად “გამოფხიზლდა” – მომდევნო 4 გათამაშება “წაიღო” და ამჯერად თვითონ გავიდა წინ 5:4.
ორივე ჩოგბურთელმა თითო-თითო სეტპოინტის რეალიზება ვერ შეძლო და დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია – “ფსიქოლოგიური ომი” ბასილაშვილმა მოიგო, მეორე მცდელობით სეტპოინტი გამოიყენა და სეტიც სათავისოდ დაიტოვა 7:6 (9:7).
მეორე პარტიაში ქუენთინმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და ქართველი მეტოქეს “აღარ გამოკიდებია” – ფრანგმა 20 წუთში 6:0 იმარჯვა და სეტებს შორის ანგარიში მარტივად გაათანაბრა 1-1.
მესამე პარტიის 11-მა გეიმმა ბრეიკპოინტების გარეშე ჩაიარა. მე-12 გეიმში კი, ქუენთინის ჩაწოდებაზე ფრანგს მცირე ჩავარდნა დაეწყო და ნიკამ ორმაგი სეტპოინტი გამოიმუშავა – ბასილაშვილმა მეორე მცდელობით მეტოქეს სეტი “ააცალა” და პარტიებში 2:1 დაწინაურდა (7:6 0:6 7:5).
მეოთხე სეტის ბედიც ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ისევ ნიკა გამოიყურებოდა – ქართველმა ჩოგბურთელმა მე-13 გეიმი 7:5 მოიგო და მასთან ერთდ მატჩიც 7:6 0:6 7:5 7:6.
შეხვედრა 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილის ანგარიშზე 2 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და 1 ბრეიკი იყო. ფრანგმა ჩოგბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში 24 ეისი “გაისროლა”, სამი ორმაგი დაუშვა და 8 ბრეიკპოინტიდან სამის რეალიზება შეძლო.
ნიკოლოზმა მეორე რაუნდში 45 ვინერსი შეასრულა და 36 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ფრანგმა საკუთარი აქტიური ქმედების შედეგად 47 ქულა მოიპოვა და 22 უხეში შეცდომა დაუშვა.
უიმბლდონის 1/16 ფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 120 000 სტერლინგი გამოიმუშავა.
ტურნირის მესამე წრეში ნიკას მეტოქე ვან რაიტოვენ/ოპელკას შორის გამარჯვებული იქნება.