ბასილაშვილი US OPEN-ის მესამე წრეშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას US OPEN-ზე. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ტურნირის მეორე წრეში 7:6 6:3 7:5 დაამარცხა ამერიკელი მაქსიმე კრისი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ნიკამ შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყო – პირველივე გეიმში „მშრალზე“ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა.

ბასილაშვილმა ეს ჰანდიკაპი მე-8 გეიმამდე შეინარჩუნა, როდესაც ამერიკელმა ისარგებლა მომენტით, როდესაც ქართველს პირველი ჩაწოდება არ წაუვიდა და უკუბრეიკი შეასრულა 4:4.

პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესი ისევ „ბასილა“ იყო, რომელმაც საჩოგბურთო ლატარეა 7:3 მოიგო და მასთან ერთად სეტიც 7:6 (7:3).

null

მეორე პარტიაც ქართველის აქტიურობით დაიწყო – ნიკამ ამჯერად მე-4 გეიმში შეასრულა ბრეიკი და შემდეგ მშვიდად მიიყვანა სეტი გამარჯვებამდე 6:3.

მესამე პარტიის სტარტზე ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ დააბრეიკა მეტოქე და 3:1 დაწინაურდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი ჩოგბურთელი გატყდა ფსიქოლოგიურად, თუმცა კრისიმ გაიბრძოლა – მე-6 გეიმში პირველივე ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო და ანგარიში გაათანაბრა 3:3

მესამე სეტის ბოლოს, გამოცდილებამ მაინც თავისი როლი ითამაშა – მე-11 გეიმში ნიკამ პირველივე შანსით მოახერხა ბრეიკის შესრულება, ხოლო მომდევნო გეიმში უკვე წარმატებით ჩააწოდა მატჩზეც 7:6 6:3 7:5.

შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 9 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკი იყო. თავისმხრივ ამერიკელს 20 ეისის წილ 8 ორმაგი შეცდომა ქონდა და ორჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება ( 4 ბრეიკპოინტიდან).

თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ნიკამ მეტოქეს აშკარად აჯობა, ქონდა რა მაქსიმეზე 17-ით ნაკლები უნებლიე შეცდომა 18:35 და ერთით მეტი ვინერსი 37:36.

US OPEN-ის მესამე წრეში ბასილაშვილის მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი – მსოფლიო რეიტინგის 24-ე ჩოგანი რეილი ოპელკა იქნება, რომელიც პირველ რიგში გამოირჩევა თავისი სიმაღლით – 211 სმ.

ისევე როგორც ნიკას, ასევე რეილის ჯერჯერობით სეტი არ წაუგიათ ისე მივიდნენ US OPEN-ის მესამე წრემდე. შეხვედრა ხვალ საღამოს გაიმართება.

ტურნირის მესამე წრეში გასვლით ბასილაშვილმა 130 სარეიტინგო ქულა და 180 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *