დღეს, 22:00 საათზე სტარტს აიღებს ინდიან-უელსის მასტერსის მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.
ქართველი და ბერძენი ერთმანეთს ATP TOUR-ზე მესამედ შეხვედებიან – 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე სტეფანოსმა 4 სეტში იმარჯვა 6:3 3:6 7:6 6:4, ხოლო ბეიჯინგის ტურნირზე ნიკამ პირველი სეტის მოგება შეძლო, თუმცა საბოლოოდ მატჩი მაინც წააგო 6:4 3:6 2:6.
2021 წლის ინდიან – უელსის მასტერსზე ბასილაშვილი 29-ე ჩოგნად არის განთესილი და ამიტომ ტურნირზე მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კრისტოფერ ეუბანქსს 6:4 6:3 სძლია. მესამე რაუნდში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ურთულეს ბრძოლაში სძლია ალბერტ რამოს ვინოლასს 4:6 7:6 6:2, ხოლო 1/8 ფინალურ სტადიაზე ნიკოლოზმა რუსი კარენ ხაჩანოვი დაამარცხა 6:4 7:6.
ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის 1/4 ფინალში და შეეცდება მოუგოს ციციპასს, რომელიც არცთუისე დამაჯერებლად ასპარეზობს ინდია-უელსზე.
ბერძენი ჩოგბურთელი ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი და რათქმაუნდა მანაც გამოტოვა პირველი რაუნდი, მეორე წრეში კი 6:4 6:2 სძლია ესპანელ პედრო მარტინესს. 1/16 ფინალში სტეფანოსმა ურთულეს ბრძოლაში მოუგო იტალიელ ფაბიო ფონინის 2:6 6:3 6:4, ხოლო 1/8 ფინალში ავსტრალიელ ალექს დე მინორს 6:7 7:6 6:2.
მასტერსის მეოთხედფინალში გასვლით ჩოგბურთელებმა უკვე გამოიმუშავეს 175 000 $ და 180 სარეიტინგო ქულა. ნახევარფინალში გასული სპორტსმენი კი საკუთარ ბალანსს 360 ქულით და 335 000 დოლარით შეავსებს.
ბასილაშვილი/ციციპასს შორის გამარჯვებულს ტურნირის 1/2 ფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიცს და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შორის უკეთესი შეხვდება. ბადის ზედა ნახევარში კი უკვე გაირკვა ნახევარფინალური წყვილი – გრეგ დიმიტროვი კამერონ ნორის დაუპირისპირდება.
საინტერესო ფაქტები
სტეფანოს ციციპასს კარიერაში ათჯერ აქვს ნათამაშები მასტერსის მეოთხედფინალში, საიდანაც 7 მოიგო და სამი წააგო. სამი მარცხიდან ორში ბერძენი ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა (პარიზი, რომი).
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში 7-ჯერ მოახერხა ATP-ის ტურნირების მეოთხედფინალში გასვლა, საიდანაც 4 მოიგო. გამორჩეული იყო დოჰას ტურნირზე ლეგენდარული როჯერ ფედერერის დამარცხება.
ნიკას კარიერის განმავლობაში ტოპ 10-ის ჩოგბურთელებთან 22 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 5 მოიგო და 17 მარცხი იწვნია. 2021 წლის ბალანსი კი ასე გამოიყურება 1-3.