“რიოგოკუ კოკუგიკანი” ტიტანების შერკინებისთვის ემზადება. 12 სექტემბერს, სტარტს აკი ბაშო აიღებს.
კაკურიუს ინტაის (პროფესიული კარიერის დასრულება) შემდეგ, სულ ორი ბაშო იყო, რომელსაც ერთადერთი იოკოძუნა – ჰაკუჰო – ჰყავდა. მონღოლი იოკოძუნა ისევ თანამემამულემ – ტერუნოფუჯიმ ჩაანაცვლა. წინა ბაშოზე, მან და ფენიქსმა ბრწყინვალე სანახაობა გვაჩუქეს, ბოლო დღემდე 14:0 ბალანსით მივიდნენ და ერთმანეთს საჩემპიონო ორთაბრძოლაში შეებნენ. ჰაკუჰომ მოიგო და ასეთი სიხარული მანამდე არც ერთ ჩემპიონობაზე გამოუხატავს. ჩემპიონობა კი მრავალი აქვს – 45. სუმოს მამებმა შენიშვნა მისცეს, ზღვარგადასული ემოციები არ ვარგაო.
ახლაც, ყველაზე დიდი ინტრიგა მონღოლი იოკოძუნების ასპარეზობაა, თუმცა ამას შეიძლება საფრთხე შეექმნას. ჰაკუჰოს თანაგუნდელს, 19 წლის ჰოკუსეიჰოს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, შესაძლოა, მიაგინო-ბეია კარანტინში აღმოჩნდეს. სუმოს მამები გადაწყვეტილებას განმეორებითი ტესტირების შემდეგ მიიღებენ.
ახლა, რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა – ტოჩინოშინი ისევ მე-12 მაეგაშირაა, თუმცა არა აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთის. პროგრამა მინიმუმი ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა თუ კარგად დაიწყებს… წინა ბაშოზეც, პირველი ოთხი მარცხის შემდეგ, ბრწყინვალე სუმო შემოგვთავაზა და 11-დან 7 მოიგო.
სექტემბერში გოლიათები დოჰიოს ისევ შეაზანზარებენ, ჩემპიონობისთვის, სანიაკუში თუ მაკუუჩიში ადგილის შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებენ. რაც მთავარია, ჰაკუჰომ წასვლა გადაიფიქრა. მწვერვალზე ვარ და არსად მეჩქარებაო. იქნებ, ფენიქსი 50 იუშოსაც (ჩემპიონობას) უმიზნებს?!…