ბეილი ისევ ინგლისში? ოღონდ არა პრემიერლიგაში

გარეთ ბეილის მომავალი კვლავ ბუნდოვანია. Sky Sport-ის ცნობით, უელსელმა კარიერა შესაძლოა იჯარით ჩემპიონშიფში გააგრძელოს. მისით სუონსი და კარდიფი არიან დაინტერესებული და ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ ბეილმა კარიერა სწორედ ინგლისში დაიწყო. მისი პირველი გუნდი საუთჰემპტონი გახლდათ, შემდეგ კი ტოტენჰემში თამაშობდა, საიდანაც რეალში გადავიდა.

გარეთისთვის ახლა მთავარი სათამაშო დროა, რაც რეალში თითქმის არ აქვს. 32 წლის ფეხბურთელს სურს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფისთვის კარგად მოემზადოს და ეროვნულ გუნდს დაეხმაროს. თუ საჭირო იქნება ამისთვის იგი ჩემპიონშიფშიც ითამაშებს.

ანჩელოტი ბეილს ამ სეზონში დიდად არ სწყალობს. აგვისტოდან მოყოლებული მის ანგარიშზე მხოლოდ 3 მატჩია და სამივე ლა ლიგაში. მადრიდელთა გარემარბის ანგარიშზე ამ სეზონში 1 გოლია.

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავა, გარეთ ბეილი კარიერის დასრულებას არ გამორიცხავს. ბრიტანელებს მუნდიალზე მოსახვედრად ჯერ ავსტრიის ნაკრების დამარცხება სჭირდებათ, ხოლო შემდეგ შოტლანდია-უკრაინას შორის გამარჯვებულს უნდა მოუგონ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *