ბელარუსული კლუბი კონფერენს ლიგის მატჩის ჩატარებას საქართველოში აპირებს

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უეფას გადაწყვეტილებით ბელარუსის ნაკრებმა და კლუბებმა საშინაო მატჩები ნეიტრალურ მოედანზე, უმაყურებლოდ უნდა ჩაატარონ.

ბელარუსული საფეხბურთო კლუბი გომელი, რომელიც კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს, მატჩის გამართვას საქართველოში აპირებს.

მათი მეტოქე ბერძნული არისი იქნება და საშინაო მატჩის ჩატარების ადგილად სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს განიხილავენ. ბელორუსულ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას კი ბათუმის სტადიონის სურათი ახლავს.

გომელის რიგებს იცავს 24 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გოგოლაშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი მიითვალა.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი 21 ივლისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 28 ივლისს.

Leave a comment

Your email address will not be published.