ბელგიასთან საბრძოლველად მზად არიან

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა კალინინგრადში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. 3 ოქტომბერს, მეოთხედფინალში საქართველომ ჩეხეთს 76:0 სძლია და ნახევარფინალში ბელგიას ხვალ, საქართველოს დროით 21 საათზე ეთამაშება. თავის მხრივ, ბელგიამ მეოთხედფინალში მასპინძელი რუსეთი 21:10 დაამარცხა.

უმცროსი ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა, რომელთაგან ოთხი შერკინებაზე მოდის. ბადრი ციხისთავის ნაცვლად მარჯვენა ბურჯად თამაშს ირაკლი აფციაური იწყებს. შერკინების მეორე ხაზში ნიკოლოზ კინწურაშვილის ადგილს გიგი ქურხული დაიკავებს, რომელიც ჩეხეთთან შერკინების შემკვრელი იყო. მესამე ხაზში გამოჩნდნენ რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე. ერთი ცვლილებაა უკანახაზში, სადაც თამაშს დიტო ბერაია იწყებს.

თორნიკე ბუბუტეიშვილი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელი:

“ძლიერი შერკინება გვყავს და მოლოდინიც შესაბამისია. რაც მთავარია, ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და მაქსიმალურად ვეცდებით სტატიკურ ფაზებში დომინანტები ვიყოთ. ჩეხეთთან შერკინებამ თავისი უპირატესობა სრულად არ გამოიყენა და ამას დარჩენილ ორ თამაშში ვიხილავთ. ბელგია ლაღი გუნდია, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. ყავთ ინდივიდუალურად კარგად მოთამაშე მორაგბეები, რომლებმაც რუსეთს მრავლად შეუქმნეს საფრთხე. შერკინებიდან მათ 7 ნომერს გამოვარჩევ”.

მეორე ნახევარფინალში ესპანეთი პორტუგალიას ეთამაშება

საქართველო: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. დიტო ბერაია (ლელო), 11. ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო, კაპ.), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

1.გიორგი მამაიაშვილი (ლელო), 2. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნიკა ლომიძე (ხარები), 5. გიგი ქურხული (ვეფხვები), 6. რატი ზაზაძე (არმაზი), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო);

16. თორნიკე ბოყოველი (ლელო), 17. ლაშა ფხაკაძე (აია), 18. ბადრი ციხისთავი (ლელო); 19. თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), 20. ნიკოლოზ კინწურაშვილი (ლელო), 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო); 22. ლაშა ცხოვრებაძე (ვეფხვები), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. ზურაბ ონიანი (არმაზი), 25. დავით იმნაძე (იუნკერები), 26. გიორგი გერგედავა (აია).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *