ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ რუსებმა საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს, ბელგიელებმა კი პირიქით. პირველმა ტაიმმა რობერტო მარტინესის შეგირდების სრული უპირატესობით ჩაიარა. მე-10 წუთზე ბელგიელების ჩაწოდების შემდეგ, რუსთა ცენტრალურ მცველ სემენოვს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, ლუკაკუს მიუვიდა და ბელგიელმა ანგარიში გახსნა.
33-ე წუთზე მეორე გოლი გავიდა და ისიც რუსთა შეცდომას მოჰყვა. მეკარე შუნინმა ბურთი ცხვირ წინ მოიგერია, რითიც შეცვლაზე შესულმა მუნიემ ისარგებლა და ანგარიში 2:0 გახადა.
მეორე ტაიმში ბელგია მოეშვა და რუსეთი გააქტიურდა, თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია, პირიქით. 88-ე წუთზე მუნიემ ლუკაკუს მშვენიერი პასი გაუკეთა და მანაც დუბლი გაიფორმა.
ბელგია მეორე ტურში დანიას შეხვდება, რუსეთი კი ფინეთს.