რობინ გოსენსი – რაც 26 წლის გერმანელმა პორტუგალიასთან მატჩში აკეთა, მეტი რაღა არსებობს? მარცხენაფლანგელმა გოლი გაიტანა და კიდევ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა. თან ეს 62-ე წუთამდე. იოაჰიმ ლიოვმა ოვაციების ფონზე შეცვალა.
გერმანელიო დავწერეთ, მაგრამ იცით, რომ გოსენსი ნიდერლანდელია? გოსენსი იქაური გვარია. მამამისი ნიდერლანდელი მოყვარული ფეხბურთელი იყო, დედა კი გერმანელი. თავად პოლიციელობა სურდა, რადგან ბაბუამისი იყო ამ პროფესიის.
გოსენსი გერმანიის ნაკრებშია, მაგრამ არასოდეს უთამაშია გერმანულ კლუბში. არ ვიცით, ასეთი შემთხვევა სხვა ყოფილა თუ არა…
19 წლის ბიჭი ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზე თამაშობდა. დაიწუნეს დორტმუნდისა და კიოლნის 19-წლამდელებში, მერე კი მოხვდა პატარა კლუბ რედეში.
„მე თავისუფლება მსურდა. დორტმუნდში კი პირველივე ვარჯიშზე უცნაურად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, რას ვაკეთებ აქ? დისციპლინა, წესრიგი… რედეში კი პირდაპირ ვიწყებდით კუთხურების ჩაწოდებებით, კარში დარტყმებით. ვიცინოდით, ვხუმრობდით. დორტმუნდში კი დავიკარგე. პირველივე ვარჯიშის მერე მითხრეს, თუ დაგვჭირდები, დაგირეკავთო. ეს ეტიკეტი იყო, თუმცა მივხვდი ყველაფერს… (როგორ ჰგავს ქართულ სიტუაციას: „დაგირეკავთ“)“.
რედე არ იყო პროფესიული კლუბი. გოსენსიც დღის განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურზე მოლარედ მუშაობდა, საღამოობით კი ვარჯიშობდა, ან თამაშობდა. კვირაში ორი ვარჯიში ჰქონდა…
20 წლის ასაკში პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა ვიტესთან. იმ დროს გუნდში გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი იყვნენ, გოსენსი კი მათი დონის არ გახლდათ. მერე გაანათხოვრეს ქვედადივიზიონელ დორდრეხტში, იქიდან კი შედარებით ძლიერ ჰერაკლესში გადავიდა.
„გამიმართლა, რომ რედეს თამაშზე ვიტესის სკაუტები იყვნენ. როგორც გავიგე, ისინი სხვა ფეხბურთელის სანახავად მოვიდნენ, მაგრამ მე მოვეწონე. ჩემი ოცნება ახდა. პროფესიონალი გავხდი. რა მოხდებოდა, თავიდანვე ძლიერ აკადემიაში რომ მოვხვედრილიყავი? არ ვიცი, შეიძლება ვერც გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ასე კი უცნაური გზა გამომივიდა“.
ჰერაკლესში ორი სეზონის მერე, 2017 წელს რობინ გოსენსი ატალანტაში გადავიდა.
„პლაჟზე ვიყავი, როცა აგენტმა დამირეკა. ატალანტაზე მითხრა, მაგრამ ტელეფონი გავთიშე. ორ წუთში უკვე ჰერაკლესის სპორტული დირექტორი მირეკავს, იგივეს მეუბნება: „რობინ, ატალანტას შევუთანხმდით!“. არც მას ვუპასუხე, არდადეგებით ტკბობა მიმდოდა. რამდენიმე დღის მერე, როცა ნიდერლანდებში ჩამოვედი, ატალანტას დირექტორი ჯოვანი სარტორი შემეხმიანა. მამასთან ერთად ჩავედი იტალიაში… ეს სიგიჟე იყო, კლუბი სერია ა-ს ლიდერებში იყო. მამასაც ასე ვუთხარი: „არ მჯერა, მაგრამ უნდა ვცადო“.
ზღაპარია. ბენზინგასამართი სადგურიდან გერმანიის ნაკრებში. გერმანულმა მხარემ იაქტიურა და ნიდერლანდელებს ცხვირწინ ააცალა ნიდერლანდელი ფეხბურთელი…