გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ აგრძელებს ასპარეზობას ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე. ლას ვეგასში მიმდინარე Summer League -ს სტარტზე „ნაგეთსმა“ ჯერ „მაიამისთან“ წააგო უშანსოდ 77:97, ხოლო დღეს გამთენიისას „ბოსტონთან“ 82:107.
განსხვავებით „ჰიტთან“ შეხვედრისას, „სელტიქსთან“ მატჩში ბეჟანიშვილი „დენვერის“ სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა და მხოლოდ 4 წუთით შევიდა პარკეტზე სათამაშოდ, რა დროის განმავლობაშიც 2 მოხსნა, 1 დაკარგვა და 1 პერსონალური ფოლის მიღება „მოასწრო“.
ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველ კალათბურთელს ბურთი მეტოქის კალათისკენ არ უსვრია.
„ნაგეთსის“ რიგებში საუკეთესო ბოლ ბოლი იყო 26 ქულით, 9 მოხსნით და 2 დაფარებით, მანუტე ბოლის შვილი სწორედ გიორგის პოზიციაზე თამაშობს (მძიმე ფორვარდი-ცენტრი) და სწორედ ამიტომ არ მისცემია ბეჟანიშვილს დიდი სათამაშო დრო.
„ბოსტონ სელტიქსმა“ საზაფხულო ლიგაზე ნბა-ში გამოწრთობილი შემადგენლობა ათამაშა და იოლი გამარჯვებაც ამან განაპირობა – პეიტონ პრიჩარდს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა 21 ქულა+12 პასი+8 მოხსნა. 33 ქულა დააგდროვა ნესმიტმა, 14 ედვარდსმა, 8 რომეო ლანგფორდმა.
ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე „დენვერს“ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 13 აგვისტოს „ფინიქსს“ დაუპირისპირდება, ხოლო 14-ში „დალასს“.