საქართველოს შვიდკაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება და 2-4 დეკემბერს International Invitation Man-ზე ითამაშებს.
ჩვენი გუნდი 2 დეკემბერს, ჩგანვითარებად ირლანდიას და შვეიცარიულ TICINO 7-ს ეთამაშება. 3 დეკემბერს კი, ფრანგულ “ფორს” შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ნაკრებია. მიღწეული შედეგების მიხედვით გაირკვევა რომელი ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 დეკემბერს ერთი და 4 დეკემბერს კიდევ ორი თამაში ელის.
გუნდის მწვრთნელებმა, ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ კანდიდატების შერჩევის პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინათ დაიწყეს. ამჟამდ კი, “შევარდენის სანაკრებო ბაზაზე” შეკრებაზე 14 მორაგბე შეიყვანეს და მათგან თორმეტს შეარჩევენ.
ხამაშურიძე შვიდკაცა ნაკრებთან წლებია მუშაობს. თუმცა, მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად წარუძღვება:
“რაგბში რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო, ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია – მივცე ქართულ რაგბის ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. მქონდა საუბარი კავშირის ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია შვიდკას ნაკრები პროფესიული გახდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში შვიდკაცაში არ გვაქვს ის შედეგები, რასაც მიჩვეული ვიყავით და რაც ქართულ რაგბის ეკადრება. ამის მიზეზი სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ფაქტობრივად, ყველა ტურნირზე გუნდი სხვადასხვა შემადგენლობით მიდიოდა და ასეთ დროს რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს ფინანსები და შავი ლომის მსგავსად, შვიდკაცას მორაგბეებსაც გაუფორმონ ხელშეკრულება და შეიქმნას მოთამაშეთა რესურსი, რომლის იმედი ყოველთვის გვექნება და არ ვიქნებით დამოკიდებული კლუბების ინტერესებზე.
მე და გიას გუშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი. წლებია ერთად მოვდივართ და არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის მხარდამხარ. ის აქტიურად ჩაერთო საწვრთნელ პროცესში და ორივე ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს. ჩვენ არ ვანსხვავებთ ფუნქციებს. დამხმარე და მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ფურცელზე წერია, საქმეში კი თანასწორები ვართ და იმედია ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს.”
საქართველოს ნაკრები: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), პაატა ბურჭულაძე (ხარები, რუსთავი), თემურ კოხოძე (აია, ქუთაისი), ირაკლი სიმსივე (აია, ქუთაისი), კონსტანტინე ნახუცრიშვილი (აია, ქუთაისი), ივანე ხელაია (აკადემია), ლუკა დვალიშვილი (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), ბიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, რუსთავი).