ბექა საღინაძე სეზონის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ორიაკის” მესამეხაზელი  ბექა საღინაძე, ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა სეზონის ახალგაზრდა მორაგბეთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

საუკეთესოთა შორის მოხვედრილებში ყველაზე უფროსი 25 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი, 20 წლის. საღინაძე წლეულს 22 წლის გახდა და ამ ასაკიდან გამომდინარე, ის ამომავალ ვარსკვლავად უნდა მივიჩნოთ. მით უფრო, რომ კარგი თამაშით პირველი დივიზიონის “ლიონის” ყურადღება მიიპყრო და ამ გუნდის ღირსებას მომავალი სეზონიდან დაიცავს.

აი, რას წერს მიდი ოლიმპიკი ბექა საღინაძეზე.

“ის თამაშის ჭეშმარიტად ქართული სტილით გამოირჩევა. ბექამ ორიაკში ბევრი სამუშაო შეასრულა. ფიზიკურად ძლიერი და შესანიშნავი მბოჭვია. მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ნაკრებში შვიდი მატჩი გამართა, რომლის ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახლავთ. ბექას კარგი თამაში დაუფასდა და ლიონთან გააფორმა კონტრაქტი. ახალი სეზონიდან საღინაძე ელტაში შეეცდება ადგილის დამკვიდრებას”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *