ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ, 2 ივლისს პრეტორიაში, მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გასამართი პირველი ტესტმატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდი შესაძლებლობაა და ვაფასებთ ამ გამოწვევას. გავეცანი სამხრეთ აფრიკის რაგბი დირექტორის, რასი ერასმუსის, მთავარი მწვრთნელის ჟაკ ნიენაბერისა და მოთამაშეების კომენტარებს. სასიამოვნოა, რომ მეტოქე გვაფასებს და თამაშს სრული სერიოზულობით ეკიდება. ის ფაქტი, რომ მათ შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია, ჩვენს მოტივაციას აასმაგებს. ეს არის შანსი, რომ გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ჩვენი ბიჭები ამ გამოწვევას ღირსეულად მიიღებენ, მაქსიმუმს გაიღებენ და მოედანს თავაწეულები დატოვებენ.
ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც სამხრეთ აფრიკა განსაკუთრებით ძლიერია. ველოდებით ძალისმიერ თამაშს და მეტოქეც ამის მოლოდინშია. ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ კონტაქტის არეალში არავისზე ნაკლებები ვართ და გვაინტერესებს, ვნახოთ, როგორ გავუძლებთ ამ გამოწვევას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გახსნილი და ღია თამაში. აფრიკელებს სწრაფი, მორკინალებზე არანაკლებ საშიში უკანა ხაზის მოთამაშეები ყავთ”.
მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
“მსოფლიოს ჩემპიონთან თამაში დიდი პატივია. მით უფრო ორჯერ ზედიზედ. თანაც ისე, რომ სამატჩო შემადგენლობაში 18 მსოფლიოს ჩემპიონია. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. ისინი შეეცდებიან, რომ საუკეთესო თამაში აჩვენონ და ჩვენც იგივეს ვაპირებთ. არაერთი ტრავმისა და სირთულის ფონზე, ამ ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად ყველაფერი გავაკეთეთ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.
ყველას კარგად ესმის, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი მხოლოდ ერთი კომპონენტის ხარჯზე ვერ გახდება. სამხრეთ აფრიკა ძალისმიერ რაგბთან ერთად მაღალ სისწრაფეზეც თამაშობს. ისინი საუკეთესოები არიან ყველა კომპონენტში და ამიტომაც გახდნენ ჩემპიონები. ეს კარგად გვაქვს გააზრებული და მოუთმენლად ველით თამაშს”.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. დავით გიგაური, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია
16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი ჯავახია 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ილია სპანდერაშვილი
სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. როსკო სპეკმანი, 13. ჯესი კრილი, 12. ფრანს სტეინი, 11. აფელელე ფასი, 10. ანდრე პოლარდი, 9. კობუს რეინახი; 1. ოქს ნჩე, 2. ბონგი მბონამბი, 3. ტრევორ ნიაკანე, 4. ებენ ეთზებეთი, 5. ფრანკო მოსტერტი, 6. სია კოლისი (კაპ.), 7. პიტერ-სტეფ დუ ტოი, 8. კვაგა სმიტი;
16. მალკოლმ მარქსი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ფრანს მალჰერბე, 19. მარვინ ორიე, 20. იასპერ ვიზე, 21. ჰერშელ იანტისი, 22. ელტონ იანტისი, 23. დამიან ვილემსე.