ბორჯღალოსნები ქალთა უფლებებისთვის ფინანსურ სარგებელზე უარს ამბობენ

ივლისის ტესტმატჩებისას ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას მხარს დაუჭერენ და კვართებზე UN Women-ის (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) წარწერით ითამაშებენ.

2 და 9 ივლისს საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა იქნება და ამ შეხვედრას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან გლობალური პანდემის პირობებში, აფრიკელები 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, პირველ (და მეორე) შეხვედრას საქართველოსთან მართავენ, მერე კი ბრიტანელ ლომებს ერკინებიან.

17 ივლისს კი, ბორჯღალოსნები დინამო არენაზე შოტლანდიის ნაკრებს დაუხვდებიან და აქაც იგივე კვართებით იქნებიან შემოსილი.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

“ეს არის ქართველი მამაკაცების მხრიდან ქალთა მხარდაჭერის გლობალური მესიჯი, რომელსაც ამ ტესტმატჩების ფორმატში სამხრეთ აფრიკიდან გავაჟღერებთ. მიგვაჩნია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მამაკაცები უნდა ზრუნავდნენ ქალბატონებზე. საქართველოში დედის კულტი მუდამ არსებობდა და იარსებებს. ისტორიას თუ გავიხსენებთ, თამარ მეფის დროს ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ასე იქნება მომავალშიც.

მზად ვართ უარი ვთქვათ ფინანსურ სარგებელზე, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ისტორიულ პარტნიორს სოციალურ პროგრამებში UN Women-ს და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ – ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოს რაგბის კავშირისა და ყველა მორაგბისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *