“ბოსტონმა” “მაიამის” მოედნის უპირატესობა წაართვა

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში “ბოსტონმა” სტუმრად 127:102 გაანადგურა “მაიამი” და მეტოქეს მოედნის უპირატესობა წაართვა(სერიაში ანგარიში 1:1).

მეორე მატჩის წინ, რეგულარული სეზონის საუკეთესო დამცველად აღიარებულმა მარკუს სმარტმა მოახერხა დაზიანებული ტერფის მორჩენა, ვეტერანმა ელ ჰორფორდმა კი ბევრის გასაკვირად ორი უარყოფითი კოვიდ ტესტის ჩაბარება მოასწრო და სასტარტო ხუთეულში აღმოჩნდა – მათთან ერთად “სელტიქსის” ბევრად უფრო “დალაგებულად” გამოიყურება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

null

შეხვედრის სტარტი “მაიამის” ბევრად უკეთესი გამოუვიდა და მასპინძლები 10 ქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.

პირველი მეოთხედის შუაში “ბოსტონის” მთავარმა მწვრთნელმა ემე უდოკამ ტაქტიკური ცვლილება განახორციელა – ცენტრ რობერტ უილიამსის ნაცვლად პარკეტზე მისივე მოგვარე, მსუბუქი ფორვარდი გრანტ უილიამსი შემოუშვა, ხოლო ცენტრის პოზიციაზე ელ ჰორფორდმა გადაიწია.

განხორციელებული გადანაცვლებების შედეგად “სელტიქსი” დაცვაში ბევრად უფრო დისციპლინირებული, ხოლო შეტევაში ბევრად უფრო სწრაფი გახდა. განსხვავებით პირველი შეხვედრისა სტუმრები აღარ ცდილობდნენ “შტურმით აეღოთ” სამწამიანი ზონა, პირიქით – პერიმეტრიდან ბომბავდნენ მეტოქის კალათს, რაც მათ საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ. ჯეისონ ტეიტუმმა (4 სამქულიანი), ჯეილენ ბრაუნმა (4 სამქულიანი) და მარკუს სმარტმა(5 სამქულიანი) შორი დისტანციებიდან “წალეკეს” მეტოქის კალათი და პირველი ტაიმის შემდეგ სტუმრები უკვე 25 ქულას იგებდნენ 70:45.

“მაიამი” მიღებული შოკიდან ვეღარ გამოვიდა – გუნდი სრულიად მოიშალა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. “ბოსტონმა” დემორალიზირებულ მეტოქეს ნამდვილი “მასტერ კლასი” ჩაუტარა და 127:102 გაანადგურა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯეისონ ტეიტუმი გახდა – 27 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა “სელტიქსის” წარმატებაში ჯეილენ ბრაუნმა – 24 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი. სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა მარკუს სმარტს – 24 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა.

“მაიამის” რიგებიდან საუკეთესო ამჯერადაც ჯიმი ბატლერი იყო 29 ქულით.

საპლეიოფო სერიაში ანგარიში გათანაბრდა 1-1.

სერიის მომდევნო 2 შეხვედრა უკვე ბოსტონის TD GARDEN-ში გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *