უაღრესად საინტერესო და დაძაბულიგამოდგა საპლეიოფო სერია “მილუოკის” და “ბოსტონს” შორის. სერიის მეშვიდე შეხვედრაში “სელტიქსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ბაქსს”, მეტოქე 109-81 დაამარცხა და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა.
გადამწყვეტ შეხვედრას ტიპიური დასაწყისი ქონდა – იანის ანტეტენკუმპო დომინირებდა და ცდილობდა 3 წამიანი ზონიდან “დაეტერორებინა” მასპინძლები.
“ბაქსმა” პირველ მეოთხედში 26 ქულა ჩააგდო, ბერძენმა კი 24 ქულის აღებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა (პასი, ქულა).
“ბოსტონი” ჯეისონ ტეიტუმის სამქულიანების იმედზე და ჯეილინ ბრაუნის სამწამიან ზონაში “შევარდნებზე” იყო დამოკიდებული.
მეორე მეოთხედიდან ორივე გუნდმა დაცვაში “მოუჭირა მარწუხებს” – “მილუოკიმ” 3 წამიანი ზონის წინ ააგო “თავდაცვითი ზღუდეები”, “სელტიქსი” კი ცდილობდა პიკენროლებზე წარმატებით დაეცვა თავი – გაცვლების შედეგად მეტოქისთვის არ მიეცა სიმაღლეში უპირატესობა.
მასპინძლები ცდილობდნენ, რომ იანისს და ჰოლიდეის შორიდან ესროლათ, სამწამიან ზონასთნ კი მათზე ორმაგი მეურვეობა გადადიოდა.
პირველ ტაიმში ორივე გუნდის მწვრთნელის არჩეულმა სტრატეგიამ გაამართლა და საკმაოდ თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ, მესამე მეოთხედიდან კი სიტუაცია “აირია”….
მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ჯეისონ ტეიტუმმა შეტევაში ფოლი აიკიდა (მეოთხე პერსონალური) და “ბოსტონის” მთავარ მწვრთნელს ორი ვარიანტიდან ერთი უნდა აერჩია – 1. გაეყვანა ლიდერი თამაშიდან და მეოთხე მეოთხედში დაებრუნებინა. 2. გაერისკა და პარკეტზე დაეტოვებინა ჯეისონი, იმის შიშით, რომ მეტოქე ანგარიში არ გაქცეულიყო.
ემე უდოკამ პირველი ვავრიანტი აირჩია, ტეიტუმი სკამისკენ გაუშვა, მის ნაცვლად კი პარკეტზე გრანტ უილიამსი შემოიყვანა. გადამწყვეტი მომეტიც სწორედ ეს იყო – გრანტმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და შეტევაში უბრალოდ “იფრინა” – 7 სამქულიანი ჩაუგდო NBA-ს მოქმედ ჩემპიონებს და მატჩი 27 ქულით დაასრულა.
“სელტიქსი” მეოთხე მეოთხედის წინ უკვე 15 ქულიანი სხვაობით იგებდა. მასპინძლებმა აღებული ტემპი აღარ დააგდეს და მალე მათი ჰანდიკაპი +20-ს აცდა. “მილუოკი” შეეგუა წაგებას და საბოლოოდ 81-109 დამარცხდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბოსტონის” ფორვარდი გრანტ უილიამსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულა და 6 მოხსნა იყო. ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა ჯეისონ ტეიტუმმა – 23 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა.
“ბოსტონმა” მატჩის მიმდინარეობისას NBA-ს 2 რეკორდი დაამყარა – პლეიოფის მეშვიდე შეხვედრაში 55 სამქულიანი ესროლა და 22 ჩააგდო.
“მილუოკის რიგებში გამოირჩა იანის ანტეტენკუმპო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა+20 მოხსნა+9 პასი იყო.
ბერძენი კალათბურთელი NBA-ს პლეიოფის ისტორიაში გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ერთ საპლეიოფო სერიაში 200+ ქულა, 100+ მოხსნა და 50+ შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში “ბოსტონი” მეოთხედ გავიდა კონფერენციის ფინალში, სადაც მისი მეტოქე “მაიამი” იქნება.